ყველის უგემრიელესი რაფაელოს ბურთულები, ნამდვილად აღაფრთოვანებს მოწვეულ სტუმრებს.

2098

თუკი საახალწლოდ ის სალათები მოგბეზრდათ, რომელსაც ყოველ წელიწადს აკეთებდით, მაშინ დროა სიახლე შეიტანოთ თქვენს სადღესასწაულო სუფრაზე. საჭიროა მხოლოდ თქვენი ფანტაზია და ხალისიანი განწყობა. დამერწმუნეთ თქვენი სუფრა ნამდვილად აღაფრთოვანებს მოწვეულ სტუმრებს. “გასტრომონია” გასწავლით თუ როგორ მოამზადოთ რაფაელოს ბურთულები ყველისგან.

ინგრედიენტები:

  • 300 გრ შებოლილი ყველი ან სულგუნი
  • 15-20 ცალი ზეთისხილი
  • 2 კბილი ნიორი
  • 1-2 ს/კ მაიონეზი
  • 50 გრ კიბორჩხალას ჩხირები
  • დაჭრილი კამა

მომზადების წესი:

შებოლილი ყველი ან სულგუნი ცოტა ხნით გავაჩეროთ მაცივარში და შემდეგ გავხეხოთ წვრილ ან საშუალო სახეხზე.  გახეხილ ყველს დავუმატოთ წვრილად დაჭრილი ნიორი, კამა და ცოტაოდენი მაიონეზი ისე, რომ მივიღოთ პლასტილინის მსგავსი მასა.

კიბორჩხალას ჩხირები გავხეხოთ სახეხზე და მოვათავსოთ ცალკე თეფშზე. ცოტაოდენი ყველის მასა (დაახლოებით 1 ჩაის კოვზი) გავაბრტყელოთ, მოვათავსოთ მასზე ზეთისხილი და მივცეთ ბურთულის ფორმა (ყველის მასა ხელზე რომ არ მიგვეწებოს, ყოველი ბურთულის მომზადების წინ ხელები უნდა დავისველოთ წყლით).

მომზადებული ბურთულები ამოვავლოთ გახეხილ კიბორჩხალას ჩხირებში და მოვათავსოთ მაცივარში.

მსგავსი ბურთულები, ყველის გარდა, შეიძლება მოვამზადოთ ხორცის ან თევზის პაშტეტისგან ან მოხარშული კვერცხისგან, ახალმომზადებული თბილი კარტოფილის პიურესგან, შემწვარი ხორცის ფარშისგან, სოუსშერეული მოხარშული ბრინჯისა და სხვა პროდუქტებისგან.

არჩევანი თქვენზეა! შეარჩიეთ ნებისმიერი მეთოდი და გაგვიზიარეთ კომენტარებში თქვენი შთაბეჭდილებები!