ყველაზე მოსახერხებელი მეთოდი ნივრის გასაყინად

67

თუ თქვენს რეგიონშიც ზამთარში ნივრის ფასი წარმოუდგენლად მატულობს, ზაფხულში მის მომარაგებას და შენახვას ცდილობთ, Gastronomia.ge–ს რედაქცია ერთ მარტივ ხრიკს გიზიარებთ. დღეს გიამბობთ, როგორ გაყინოთ ნიორი ისე, რომ მისი გამოყენება გაგიმარტივდეთ და საყინულეშიც დიდ ადგილს არ იკავებდეს.

ბევრი დიასახლისი ნიორს ახმობს და მშრალ სანელებელს იღებს. ასეთი შენახვა რთული პროცესია. რა საჭიროა დროის და ენერგიის დახარჯვა, თუ უფრო მარტივი და ეფექტური გზა არსებობს. ნიორი საყინულეში უპრობლემოდ შეგიძლიათ შეინახოთ.

ნივრის შენახვა საყინულეში

ამ მეთოდს შოკოლადის მეთოდსაც უწოდებენ. ასე ნიორს საყინულეში მარტივად შეინახავთ, თან სამომავლოდ მარტივად გამოიყენებთ. ნიორი თავის თვისებებს და არომატს არ დაკარგავს.

გასუფთავებული ნიორი დაპრესეთ ან წვრილ სახეხზე გახეხეთ. პარკში გადაიტანეთ, მაგრამ პარკი არ შეკრათ. ერთ პარკზე 2–3 თავი მსხვილი ნიორი დაგჭირდებათ. საჭრელ დაფაზე დადეთ და საგორავით გააბრტყელეთ. 2–3 მმ სისქის ფენა უნდა მიიღოთ. ბლაგვი დანით 2×2–ზე ზომის კვადრატები გააკეთეთ.

შედეგად, ნივრის ფილას მიიღებთ, რომელიც შოკოლადის ფილას ჰგავს. საყინულეში საჭრელ დაფასთან ერთად შეინახეთ, რომ ფორმა არ დაკარგოს. გამაგრებულ ნიორს კიდევ ერთი პარკი ჩამოაცვით, ასე სუნი საყინულეში არ გავრცელდება.

როცა ნიორი დაგჭირდებათ, რამდენიმე კვადრატი მოატეხეთ. შეგიძლიათ დაუმატოთ წვნიანებს, რაგუს, შემწვარ კარტოფილს და სხვა კერძებს. შენახვის მოსახერხებელი მეთოდია და დიდ ადგილს არ იკავებს. ასეთი ნიორი არომატს და გემოს ინარჩუნებს, ამიტომ ახლისგან მისი გარჩევა გაგიჭირდებათ. ამავე მეთოდით შეგიძლიათ გაყინოთ კოჭა, პომიდვრის პასტა.