ქამა სოკოს მწვადი. 15 წუთი ღუმელში და საუცხოო კერძი მზადაა

2723

“გასტრონომიას” შემდეგი რეცეპტი ყველა სტერეოტიპს ამსხვრევს. ჯერ ერთი, ის ამტკიცებს, რომ მწვადის მომზადება მხოლოდ ნახშირზე არ არის შესაძლებელი, მეორეც – უხორცო მწვადიც ძალიან გემრიელი გამოდის. ქამა სოკოს მწვადი მართლაც უგემრიელესი ხემსია. მის დამარინადებას 10-15 წუთი სჭირდება, ამ დროს შეგიძლიათ მოამზადოთ რაიმე ბოსტნეულის სალათი.

ხორცის მოყვარულებისთვის კარგი ამბავი გვაქვს: კერძი შეიცავს ბეკონის თხელ ფენებს. მომზადებისას მთელ სახლში თავბრუსდამხვევი არომატი ტრიალებს.

ინგრედიენტები

  • 600 გრ ქამა სოკო
  • 1-2 ც ხახვი
  • 2 ს.კ. არაჟანი
  • 1 ს.კ. მდოგვი
  • 50 გრ ბეკონი
  • იტალიური სუნელების ნაზავი
  • 1 ს.კ. ლიმონი
  • 1 ს.კ. სოიოს სოუსი
  • შავი პილპილი გემოვნებით

მომზადება

1. გარეცხეთ ქამა სოკო, გაასუფთავეთ, დაამატეთ არაჟანი, მდოგვი, ლიმონის წვენი, სოიოს სოუსი, სუნელები, შავი პილპილი.

2. დაჭერით ხახვი ალყა-ალყა და დაუმატეთ სოკოს.

3. დაჭერით ბეკონი წვრილ ზოლებად.

4. ხის თხელი შამფურები დაასველეთ. რიგრიგობით წამოაცვით სოკო, ბეკონი და ხახვი.

5. შედგით 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 15-20 წუთით.

ქამა სოკოს მწვადთან მიირთმევენ თეთრ სოუსს. მის მოსამზადებლად შეურიეთ 100 გრ არაჟანი, ნებისმიერი დაჭრილი მწვანილი, 2 კბილი გატარებული ნიორი, ხმელი სუნელი, პილპილი, მარილი. მოამზადეთ სიამოვნებით და გაუზიარეთ რეცეპტი მეგობრებს!