სპაგეტი ბოსტნეულით ყველაზე გემრიელია…

2962

სპაგეტი – იტალიური მაკარონის, ანუ პასტას ნაირსახეობა, წვრილი, გრძელი ძაფები, რომელთა სიგრძე  ხანდახან ნახევარ მეტრსაც აღწევს. სპაგეტის ისევე ხარშავენ, როგორც მაკარონის სხვა სახეობებს, ანუ მარილიან წყალში, თუმცა მთავარი წესი ისაა, რომ სპაგეტის დამტვრევა არ შეიძლება, ის ვერტიკალურად უნდა ჩაუშვათ ადუღებულ წყალში, წყალში ჩაშვებული ნაწილი თანდათან დარბილდება  და სპაგეტის ქვაბში მთლიანად მოათავსებთ. მეორე წესი ისაა, რომ სპაგეტი არ უნდა გადაიხარშოს, ხოლო მესამე – წყლის მასა სამჯერ უნდა აღემატებოდეს სპაგეტის მასას.

სპაგეტი ბოსტნეულით

ინგრედიენტები: 

  • 2-3 ცალი წითელი და მწვანე ტკბილი წიწაკა
  • 400-500 გ ახალი ან დაკონსერვებული პამიდორი
  • 1-2 თავი ხახვი
  • 3 კბილი ნიორი
  • ქინძი, ოხრახუში, რეჰანი
  • 2 ჩ.კ. ზეითუნის ზეთი
  • მარილი, ცხარე წითელი წიწაკა
  • 500 გ სპაგეტი
  • 2 ს.კ. გახეხილი  ყველი
  • დაჭრილი მწვანილი

მომზადების წესი:

  1. სპაგეტი მოხარშეთ ადუღებულ წყალში, ოღონდ არ გადახარშოთ. გადაწურეთ, ჩააბრუნეთ ქვაბში და მოასხით 1 ჩ.კ. ზეითუნის ზეთი.
  2. ღრმა ტაფაში ჩაასხით ზეთი და მოშუშეთ წვრილად დაჭრილი ხახვი. დაჭერით ტკბილი წიწაკა პატარა კუბებად, დაუმატეთ ხახვს და შუშეთ 4-5 წუთს. შემდეგ ჩაამატეთ პამიდორი და შუშეთ კიდევ დაახლოებით 10 წუთის განმავლობაში. ბოლოს დაუმატეთ წვრილად დაჭრილი მწვანილი, ნიორი, მარილი და წიწაკა.
  3. მზა სოუსი ჩაუშვით სპაგეტიან ქვაბში, კარგად მოურიეთ და ისევ შემოდგით ცეცხლზე 2-3 წუთით. ზემოდან მოაყარეთ მწვანილი და ყველი.