სამარხვო პეროგი „ფანუროპიტა“. ბერძნული პეროგი, რომელიც უმიზეზოდ შეგიძლიათ დააცხოთ

351

ბერძნული პეროგის „ფანუროპიტა“ გამოცხობა მიღებულია 27 აგვისტოს, წმინდა ფანარიოსის ხსენების დღეს. დესერტი ეკლესიაში საკურთხევლად მიაქვთ, შემდეგ ყველა მსურველს ურიგებენ. თუმცა თავად ბერძნებიც და მოყვარულებიც ამ გემრიელ ცომეულს ხშირად უმიზეზოდ აცხობენ.

სამარხვო პეროგია, ამიტომ იდეალურია, თუ ცხოველურ პროდუქტებს არ მიირთმევთ. მასში კვერცხი, რძე, კარაქი არ შედის, მაგრამ მაინც გემრიელი და არომატული გამოდის. მომზადებას გირჩევთ. Gastronomia.ge–ს რედაქცია კლასიკურ რეცეპტს გიზიარებთ.

პეროგი ჩირით

სამარხვო პეროგი ძალიან მარტივად მზადდება. ყველა მშრალი და თხევადი ინგრედიენტი უბრალოდ აურიეთ, ჩირი და კაკალი დაუმატეთ და მართკუთხა ან კვადრატულ ფორმაში გამოაცხვეთ. გამოუცდელი დიასახლისიც გაუმკლავდება!

ინგრედიენტები:

  • 250 მლ წყალი ან ფორთოხლის წვენი
  • 90 მლ მცენარეული ზეთი
  • 120-150 გ შაქარი
  • 10 გ ვანილი
  • 250 გ ხორბლის ფქვილი
  • 15 გ გამაფხვიერებელი
  • 1 ფორთოხალი
  • 50 გ კაკალი
  • 100 გ ჩირი
  • 0,5 ჩ/კ დარიჩინი
  • 2 მწიკვი კურკუმა
  • 1 მწიკვი მარილი

მომზადების წესი:

1. პირველ რიგში, ჩირი თბილ წყალში ჩაალბეთ. ეს შეიძლება იყოს გარგარის, შტოშის ჩირი და ქიშმიში. 15 წუთის შემდეგ საწურზე გადაწურეთ და ქაღალდის პირსახოცით გაამშრალეთ, რომ ზედმეტი სითხე მოაშოროთ. შემდეგ დააქუცმაცეთ.

2. ფქვილი და გამაფხვიერებელი ღრმა თასში გაცერით, დაუმატეთ მარილი, კურკუმა, დარიჩინი, კაკალი და ჩირი. ცალკე ფორთოხლის ცედრა გახეხეთ და ფქვილს დაუმატეთ.

3. წყალს ან ფორთოხლის წვენს დაუმატეთ შაქარი, ვანილი და მცენარეული ზეთი. აურიეთ, რომ შაქარი გაიხსნას. მშრალი და თხევადი ინგრედიენტები ერთიანი მასის მიღებამდე აურიეთ.

4. ღუმელი 190-200 გრადუსამდე გააცხელეთ. საცხობ ფორმას პერგამენტის ქაღალდი ჩააფინეთ და მცენარეული ზეთი უხვად წაუსვით. ცომი ფორმაში ჩაასხით და 35 წუთით აცხვეთ. პეროგი 170-180 გრადუსზე 45 წუთით შეგიძლიათ აცხოთ. მომზადების დრო ღუმელის ტემპერატურაზეა დამოკიდებული.

5. მზა პეროგს გაგრილება აცადეთ. სურვილისამებრ შაქრის ფხვნილით გააფორმეთ.

პეროგი ჩირით

თუ გსურთ, რომ ამ პეროგს ხიბლი შემატოთ, ჩირი ალკოჰოლში ჩაალბეთ და არა უბრალო წყალში. ქიშმიში და გარგარის ჩირი მათრობელა ნოტებს შეიწოვს და პეროგი უფრო ნაჯერი გამოვა.

ფორთოხლის ცედრის ნაცვლად ლიმონის ცედრა თამამად შეგიძლიათ გამოიყენოთ. თუმცა ცედრის გარეშე პეროგს სულ სხვა გემო აქვს. ეს ინგრედიენტი ძალიან მნიშვნელოვანია, თუ პეროგი „ფანუროპიტას“ გემოს შეგრძნება გსურთ.

თუ კერძს ფორთოხლის წვენით ამზადებთ, თავად დაწურეთ და მაღაზიაში ნაყიდი წვენი არ გამოიყენოთ. ეს ყველაფერი ცომეულის გემოსა და არომატზე ძლიერ გავლენას ახდენს. შინ დაწურულ წვენს არ აქვს დამატებული შაქარი, რომელსაც ქარხნულ სასმელს უმატებენ.

ამ პეროგს შეგიძლიათ დაუმატოთ ნებისმიერი ჩირი, შავქლიავის გარდა. საკმაოდ უჩვეულო პეროგია. სცადეთ.