საზაფხულო წვნიანი ყაბაყისგან: მსუბუქი, ჰაეროვანი და ბავშვებისთვის საყვარელი

1671

წარმოუდგენელია ზაფხულში არ მოამზადოთ კერძი ისეთი სასარგებლო და ხელმისაწვდომი ბოსტნეულისგან, როგორიც ყაბაყია. ეს მცენარე გოგრის სახეობას მიეკუთვნება.

ნაყოფს აქვს გრძელი ფორმა და იგი შესაძლოა იყოს მწვანე, ყვითელი, თეთრი და შავი ფერისაც კი. ყაბაყის სამშობლოდ სამხრეთ ამერიკა ითვლება. ევროპაში მისი გამოჩენის შემდეგ თავდაპირველად ამ ბოსტნეულს დეკორატიული მიზნებისთვის იყენებდნენ.

ყაბაყის 90%-ს წყალი შეადგენს, დანარჩენს კი იშვიათი ბოჭკო. ნაყოფი მდიდარია B, C და E ჯგუფის ვიტამინებით. რომლებიც ხელს უწყობენ იმუნური სისტემის გაძლიერებას.

იგი შეიცავს შემდეგ ქიმიურ ელემენტებს: რკინას, ფოსფორს, კალიუმს, მაგნიუმს, კალციუმსა და ნატრიუმს, რომლებიც ორგანიზმზე დადებითად მოქმედებს.

ყაბაყი შეუცვლელი პროდუქტია მათთვის, ვინც დიეტაზეა და მათთვისაც, ვისაც ზედმეტი კილოგრამები აწუხებს. 100 გრ ყაბაყი მხოლოდ 25 კალორიას შეიცავს.

დღეს ჩვენ გასწავლით, როგორ მოამზადოთ მისგან მადისაღმძვრელი დიეტური წვნიანი, რომელიც ნებისმიერ ადამიანს მოეწონება.

ინგრედიენტები

  • 1 ც საშუალო ზომის ყაბაყი
  • 1 ც საშუალო ზომის კარტოფილი
  • 1 ც ხახვი
  • 2 ჭიქა წყალი
  • 1/2 ჭიქა რძე
  • 100 გრ გახეხილი ყველი
  • მარილი და პილპილი გემოვნებით
  • მწვანილი
  • სანელებელი კარი

მომზადების წესი 

  1. ყაბაყი და კარტოფილი პატარა ზომის კუბებად დაჭერით, ხახვი კი დააბლენდერეთ.
  2. აადუღეთ წყალი ქვაბში. დაუმატეთ კარტოფილი და ხახვი. 5 წუთის შემდეგ დაუმატეთ ყაბაყი, მარილი, პილპილი და კარი.
  3. როდესაც ბოსტნეული მოიხარშება, გადმოდგით ქვაბი ცეცხლიდან და ცოტათი გააცივეთ.
  4. ბოსტნეულის ნახარშის ნახევარი გადაღვარეთ, დანარჩენი სითხე კი ბოსტნეულთან ერთად ბლენდერში მოათავსეთ. დააბლენდერეთ ბოსტნეული ერთგვაროვან მასამდე, მას ისეთივე კონსისტენცია უნდა ჰქონდეს, როგორიც სქელ არაჟანს აქვს.
  5. მიღებული მასა კვლავ ქვაბში გადაიტანეთ, ცეცხლზე დაადგით, დაუმატეთ რძე და ყველი, კარგად მოურიეთ და მოადუღეთ. შემდეგ კი გამორთეთ ცეცხლი.
  6. წვნიანი მზადაა. სანამ მიირთმევდეთ, მოაყარეთ ზემოდან მწვანილი. ასეთი წვნიანი ძალიან გემრიელია კრეკერთან ერთად.