იმის მიუხედავად, რომ ზამთარში ბულგარული წიწაკის შოვნა პრობლემა არაა, მისი გაზრდილი ფასი წინასწარ მომარაგებას გვაიძულებს. საყინულეში ბულგარული წიწაკა თითქმის 1 წელი შეგიძლიათ შეინახოთ. Gastronomia.ge–ს რედაქცია გიზიარებთ რჩევებს, როგორ გაყინოთ ბულგარული წიწაკა ფარშით გასავსებად, სალათსა და წვნიანში დასამატებლად.
წიწაკის გაყინვა ფარშისთვის
ბულგარული წიწაკის ღრუ ფორმა და წვნიანი რბილობი ხორცის, ყველის ან კომბოსტოს შიგთავსით გასავსებად იდეალურია. ასეთი კერძის მოსამზადებლად წიწაკა საყინულეში შეგიძლიათ შეინახოთ.
ერთი და იმავე ზომის წიწაკა აირჩიეთ. სასურველია, რომ ოდნავ წაგრძელებული ფორმა ჰქონდეს. თავი გადაჭერით. თესლისა და ტიხრისგან გაწმინდეთ. ქაღალდის პირსახოცით გაამშრალეთ.
რამდენიმე წიწაკა ერთმანეთში ჩადეთ, რადგან ასე ნაკლებ ადგილს დაიკავებს. პარკში შეფუთეთ და საყინულეში გააგზავნეთ.
წიწაკის მომზადება ადგილის დასაზოგად
ბულგარული წიწაკა, თუნდაც ერთმანეთში ჩადოთ, საყინულეში დიდ ადგილს იკავებს. თუ ადგილის გათავისუფლება გსურთ, ხრიკს მიმართეთ. ერთნაირი ზომის წიწაკები შეარჩიეთ, თავები გადაჭერით, თესლისა და ტიხრისგან გაწმინდეთ ზუსტად ისე, როგორც წინა ვარიანტში.
წიწაკაში მარილი ჩაყარეთ. ასე 1 საათი გააჩერეთ. მარილი წიწაკას დაარბილებს და ხელით მოჭერას შეძლებთ.
ხელის მოჭერისას წიწაკიდან გამოვა წვენი, რომელიც უნდა გადაასხათ. ზედმეტი მარილის მოსაშორებლად გამდინარე წყალში კარგად გარეცხეთ. ქაღალდის პირსახოცით გაამშრალეთ. ისევ ერთმანეთში ჩააწყვეთ, პარკში ჩადეთ და საყინულეში შეინახეთ. დარბილებული ბულგარული წიწაკა ნაკლებ ადგილს დაიკავებს. ლიტრიან პარკში 10 წიწაკის შენახვას შეძლებთ.
წიწაკის გაყინვა სალათისთვის
სალათისთვის ნამზადის გასაკეთებლად ბულგარული წიწაკა კუბებად დაჭერით. ძალიან პატარა კუბებად არ დაჭრათ, ასე ზედმეტ წვენს დაკარგავს. ქაღალდის პირსახოცით გაამშრალეთ. პარკში ან კონტეინერში ჩააწყვეთ და საყინულეში შეინახეთ.
წიწაკის გაყინვა წვნიანისთვის
თუ წინა რეცეპტების მომზადებისას წვრილად დაჭრილი წიწაკა დაგრჩათ, წიწაკის პასტა შეგიძლიათ მოამზადოთ. ამისთვის ერთგვაროვანი მასის მიღებამდე დააბლენდერეთ. წიწაკასთან ერთად ნებისმიერი მწვანილიც შეგიძლიათ დააბლენდეროთ. მიღებული პასტა ფორმებში ჩააწყვეთ და გაყინეთ.
გაყინული პიურე ფორმიდან ამოიღეთ, პარკში ან კონტეინერში გადაიტანეთ და ისევ საყინულეში შეინახეთ. ასეთი პასტა წვნიანებს და სოუსებს შეგიძლიათ დაუმატოთ.
ბულგარული წიწაკით მრავალი კერძის მომზადება შეიძლება, ამიტომ ნამზადი ზამთარში აუცილებლად გამოგადგებათ.