რბილ ბლინებს მდუღარი წყლით ვამზადებ. ამისთვის ქურასთან სიცხეშიც დავდგები

1585

თხელი ბლინების ცხობის ოსტატია ის, ვისაც პირველი ბლინი იდეალური გამოსდის. დაგვეთანხმეთ, ყველა დიასახლისი პირველ ბლინს სწირავს მიმდევრების სასარგებლოდ. პირველი ბლინი იხევა, ტაფიდან დარჩენილ ზეთს იწოვს და ქმრის თეფშზე საპატიო ადგილს იკავებს. ისიც თავის მხრივ ცომზე ჯადოქრობს და აი, უკვე მეორე ბლინი იდეალურია, მესამე – უკეთესი.

მარტივი თხელი ბლინები

ოდესღაც დედა და ბებია საოჯახო რეცეპტებს კულინარიულ წიგნში წერდნენ. ახლა ზოგისთვის ეს ტრადიციის ძღვენია, ბევრი ადამიანი საყვარელი კერძის რეცეპტს სმარტფონში ინახავს. Gastronomia.ge–ს რედაქცია გიზიარებთ თხელი ბლინების რეცეპტს. გიამბობთ, როგორ მოამზადოთ მარტივი პროდუქტებით რაღაც სრულყოფილი.

ბლინები მდუღარე წყალზე მზადდება. ასე ბლინი ნაზი და თხელი გამოვა. მითითებული ინგრედიენტებით 40 ცალ თხელ ბლინს მიიღებთ. ასეთი ბლინი არასდროს იხევა, როგორც მარილიანი, ასევე ტკბილი შიგთავსი შეგიძლიათ გამოიყენოთ.

ინგრედიენტები:

  • 300 გ ფქვილი
  • 500 მლ რძე
  • 200 მლ მდუღარე წყალი
  • 3 კვერცხი
  • 50 გ შაქარი
  • 20 გ სიმინდის სახამებელი
  • 50 მლ მცენარეული ზეთი
  • მწიკვი მარილი

მომზადების წესი:

1. 3 კვერცხი, შაქარი და მარილი მიქსერით ათქვიფეთ. 2–3 ეტაპად ოთახის ტემპერატურის რძე ჩაასხით.

2. ფქვილი გაცერით და სახამებელს აურიეთ. ფქვილი რამდენიმე ეტაპად მასას დაუმატეთ და მიქსერით აურიეთ. ყურადღება მიაქციეთ, რომ გოროხები არ დარჩეს. სახამებელი ბლინებს ელასტიურს და გამძლეს ხდის. ბლინებში სახამებელს ვერ იგრძნობთ, სამაგიეროდ, 1 ს/კ მთელ ცომზე საკმარისია, რომ არც ერთი ფირფიტა დახვევისას არ გაიხეს.

3. ცომს მცენარეული ზეთი დაუმატეთ და კვლავ აურიეთ.

4. წვრილ–წვრილად მდუღარე წყალი დაუმატეთ. სათქვეფით ან მიქსერით აურიეთ. საკმაოდ თხელი ცომი გამოვა. არ ინერვიულოთ, ასეც უნდა იყოს.

5. ცომი 30 წუთით ოთახის ტემპერატურაზე გააჩერეთ. ეს აუცილებელია, რომ ფქვილი გაფხვიერდეს და ბლინი უფრო ნაზი გამოვიდეს. ცომს აურიეთ და ტაფა გააცხელეთ. თუ დრო არ გაქვთ, ცომი მომზადებამდე 10 წუთით მაინც გააჩერეთ ან წინასწარ მოამზადეთ და პარკგადაფარებული მთელი ღამით მაცივარში შეინახეთ, თუ დილით ბლინების ცხობას გეგმავთ.

6. ახლა ტაფას ცოტა ზეთი სილიკონის ფუნჯით წაუსვით და ბლინები ორივე მხრიდან ოქროსფერ შეფერილობამდე შეწვით. ბლინები სუფრაზე არაჟანთან, მურაბასთან, ხაჭოსთან ერთად გაიტანეთ ან ისე მიირთვით. გემრიელად მიირთვით!

თუ პროდუქტების მომარაგება გიყვართ, იცოდეთ, რომ ბლინები შეგიძლიათ გაყინოთ. ეს სწორად უნდა გააკეთოთ. რამდენიმე ბლინი პარკში ჩადეთ და ერთად გაყინეთ. ასევე შეგიძლიათ შიგთავსში გაახვიოთ და ჰერმეტულ კონტეინერებში გაყინოთ. ფირფიტები ერთმანეთს რომ არ მიეკვრას, ჯერ ერთ რიგად დაფაზე დააწყვეთ და ცალ–ცალკე გაყინეთ. შემდეგ შეგიძლიათ ზიპ–შესაკრავიან პარკში ან კონტეინერში ჩააწყოთ. შეფუთვის თარიღი აუცილებლად დააწერეთ. ბლინები შიგთავსის გარეშე 3 თვემდე შეგიძლიათ შეინახოთ, ხაჭოთი – 2 თვე. თუ შიგთავსში ხახვია დამატებული, ასეთი ბლინები სჯობს 2 კვირის განმავლობაში მიირთვათ.