ფერადი წასახემსებელი ბულგარული წიწაკით სუფრიდან პირველი ქრება. უკვე არ ვიცი, რამდენი ქილა მოვამზადე წელს, რომ ახალ წლამდე შევინახო. ალბათ, რამდენიც არ უნდა მოვხუფო, მაინც ცოტა იქნება. სალათი ჩემს ოჯახს ძალიან მოსწონს.
ბულგარული წიწაკის კონსერვი ნებისმიერ კერძს ავსებს: ხორცს, თევზს თუ უბრალოდ გარნირს. წიწაკა ტრადიციული მეთოდით წყლის, ძმრის, მარილისა და შაქრის მარინადში არ მწნილდება. არომატული საკაზმი ამ კერძის მთავარი ხიბლია.
როგორ მოვამზადოთ პიკანტური წასახემსებელი ბულგარული წიწაკით
უდავოდ, ამ რეცეპტით ბულგარული წიწაკის კონსერვი ძალიან ცხარე გამოდის. ყველა ადამიანს კერძის სიცხარის მიმართ საკუთარი გემოვნება აქვს. სწორედ ამიტომ, ჩილის წიწაკა ნაკლები რაოდენობით შეგიძლიათ დაუმატოთ. დაჟინებით გირჩევთ, რომ კონსერვში მსუბუქი სიცხარე მაინც დატოვოთ.
ინგრედიენტები:
- 4 ბულგარული წიწაკა
- 4 ჩილის წიწაკა
- 250 მლ წყალი
- 70 გ შაქარი
- 2 ნიორი
- 250 მლ მზესუმზირის ზეთი
- 1 ჩ/კ მარილი
- 2 ს/კ ძმარი
მომზადების წესი:
1. წიწაკა გარეცხეთ, თესლი და ყუნწი მოაშორეთ. ბოსტნეული ნაჭრებად დაჭერით. საცხობ ფორმას ფოლგა დააფინეთ და მზესუმზირის ზეთი წაუსვით. წიწაკა ჩააწყვეთ და ფოლგა დააფარეთ. 200 გრადუსზე დარბილებამდე აცხვეთ. ამას დაახლოებით 1 საათი დასჭირდება.
2. ამ დროში საკაზმი მოამზადეთ. ჩილის წიწაკას ყუნწები მოაჭერით, მსხვილად დაჭერით. ცხარე წიწაკა ნიორთან ერთად დააბლენდერეთ.
3. მზა მასას წყალი, მზესუმზირის ზეთი, მარილი და შაქარი დაუმატეთ. მუდმივად აურიეთ, ნარევი შაქრის გახსნამდე გააცხელეთ, მაგრამ ადუღებამდე არ მიიყვანოთ.
4. ბოლოს ძმარი დაუმატეთ და დაახლოებით 2 წუთით ადუღეთ.
5. წიწაკა ქილებში გადაანაწილეთ და ცხარე საკაზმი დაუმატეთ. მოხუფეთ, ქილები გადააბრუნეთ და სრულ გაგრილებამდე გააჩერეთ.
ბულგარული წიწაკის სალათი ზამთრისთვის რამდენიმე კვირაში შეგიძლიათ გახსნათ. თუ დიდხანს გააჩერებთ, წიწაკა საკაზმის გემოთი უკეთ გაიჟღინთება. წასახემსებელი სუფრაზე მთავარი კერძის შესავსებად, გარნირად ან უბრალოდ პურზე წასასმელად გაიტანეთ. გემრიელად მიირთვით!