ნაზი ტორტი „ეკლერი“, რომელსაც ღუმელის ჩართვა არ სჭირდება

561

დღეს Gastronomia.ge–ს რედაქცია გთავაზობთ ნაზი ტორტის „ეკლერის“ მარტივ რეცეპტს, რომელსაც ცხობა არ სჭირდება. საკმაოდ გემრიელია და შეგიძლიათ სტუმრების მოსვლამდე მოამზადოთ. დესერტი ბანანით და ორცხობილით საკმაოდ გემრიელი გამოდის. მისი ერთ–ერთი უპირატესობა პირში მდნობი შიგთავსია. ბავშვსაც შეგიძლიათ ჭამის უფლება მისცეთ, რადგან მხოლოდ ნატურალურ ინგრედიენტებს შეიცავს.

ტორტი ორცხობილით და ბანანით ცხობის გარეშე

ინგრედიენტები:

  • 42 ხრაშუნა ორცხობილა
  • 520 მლ ახალი რძე
  • 1 პაკეტი ვანილის პუდინგი
  • 7 ს/კ შაქარი
  • 1 ჩ/კ ვანილის ექსტრაქტი
  • 2 ჩ/კ კაკაო
  • 100 მლ არაჟანი
  • 50 გრ კარაქი
  • 1 დიდი ან 2 პატარა ბანანი

მომზადების წესი:

1. რძე ორ თანაბარ ნაწილად გაყავით. ცოტა რძე ჭიქურისთვის მოიტოვეთ. ნახევარი რძე სუსტ ცეცხლზე ხარშეთ. მეორე ნახევარს პუდინგი, ვანილის ექსტრაქტი და 3 ს/კ შაქარი დაუმატეთ.

2. კარგად აურიეთ და ცხელ რძეს დაუმატეთ. კიდევ 5 წუთით ხარშეთ, რომ ნარევი ადუღდეს და გასქელება დაიწყოს. ამის შემდეგ ცეცხლიდან გადმოდგით, ცოტა ხნით გააგრილეთ, პარკი დაააფარეთ და მაცივარში მოათავსეთ.

3. საცხობ ფორმაში ორცხობილის ფენა ჩააწყვეთ. ცივი პუდინგის კრემი წაუსვით. ზემოდან თხელ რგოლებად დაჭრილი ბანანი დაუმატეთ. ასე ორცხობილა, კრემი და ბანანი მორიგეობით, ინგრედიენტების დასრულებამდე დააწყვეთ.

4. დარჩენილი შაქარი, რძე და კაკაო აურიეთ. სუსტ ცეცხლზე ადუღებამდე ხარშეთ. კარაქი დაუმატეთ. მუდმივად აურიეთ, სანამ კარაქი გადნება. მიღებული ჭიქური ტორტს ზემოდან მოასხით. დესერტი მთელი ღამე მაცივარში მოათავსეთ.

სუფრაზე გატანამდე ნაჭრებად დაჭერით. ასე ბევრად ლამაზად გამოიყურება, თან მიხვდებით, კარგად თუ გაიჟღინთა. ბანანი თხელ რგოლებად დაჭერით, რომ დესერტი კრემით კარგად გაიჟღინთოს.

სურვილის შემთხვევაში ბანანის ნაცვლად მარწყვის, ალუბლის ან ჟოლოს ჯემი გამოიყენეთ. თუ ტირამისუ გიყვართ, ორცხობილა ყავაში ან კაკაოში ჩაალბეთ. ამ შემთხვევაში სიფრთხილე გმართებთ, რომ ტორტი არ დაიშალოს.