მხოლოდ ახალი თევზი შეიძინეთ, რომ გემრიელი და სასარგებლო კერძი მოამზადოთ

372

თევზი ხორცზე უფრო სასარგებლო და მსუბუქია, მაგრამ იშვიათად ვამზადებთ. თევზი მდიდარია ნატურალური ცილებით, ცხიმოვანი მჟავებით, იოდით, ფოსფორით. თუ გემრიელი და სასარგებლო კერძის მომზადება გსურთ, არ შეცდეთ და მხოლოდ ახალი თევზი შეიძინეთ. Gastronomia.ge–ს რედაქცია გიამბობთ, რა ნიუანსებს უნდა მიაქციოთ ყურადღება ახალი თევზის გამოსავლენად.

გამოცდილი შეფმზარეულები ხორცის და თევზის ყიდვას არავის ანდობენ და თავად არჩევენ. შემწვარი, ფარშირებული, გრილზე მომზადებული თუ სალათში დამატებული თევზი ძალიან გემრიელია.

ახალი თევზის არჩევის წესები

1. თევზს მთლიანად დააკვირდით. მხოლოდ ზედა ნაწილზე დახედვა უსარგებლოა.

2. თევზი დასუნეთ. მკვეთრად გამოხატული თევზის სუნი არ უნდა იგრძნოთ. ზღვის ახალ თევზს მარილის და ზღვის, წყალმცენარეების სუნი აქვს. მდინარის ახალ თევზს ყლარტის სუნი აქვს.

3. თევზს გლუვი და სველი ფარფლები უნდა ჰქონდეს. ეშმაკი გამყიდველები თევზს წყალს აპკურებენ, რომ ახალი იერი შეუნარჩუნონ. არ შეცდეთ. დაბზარული ფარფლები და მოღუნული კუდი ნიშნავს, რომ თევზი ძველია.

4. მთელი თევზის შეძენისას თვალებს ყურადღება მიაქციეთ. თვალის გუგა სუფთა და გამჭვირვალე უნდა იყოს. თეთრი გუგა სიძველის ნიშანია.

5. ლაყუჩებზეც იგივე წესია. გაშავებული ლაყუჩები გაფუჭებული თევზის ნიშანია და ამის დამალვა შეუძლებელია. გირჩევთ, რომ მთელი თევზი იყიდოთ. ასე თვალებსა და ლაყუჩებზე დაკვირვებით მიხვდებით, თევზი ახალია თუ ძველი.

6. თევზი ხელისგულზე დაიდეთ. ახალი თევზი მკვრივია და არ მოიღუნება. აი, ძველი თევზის თავი და კუდი მოიღუნება.

7. თითი თევზს მუცელზე დააჭირეთ. თუ ჩაჭყლეტილი ადგილი სწრაფად ამოივსო, თევზი ახალია. თუ დიდხანს დარჩა, ძველია და შიგნით ხორცი ფაფად იქცა.

8. ცოცხალი თევზის შეძენისას აკვარიუმში წყლის სისუფთავეს და ნალექის რაოდენობას დააკვირდით. აქტიური თევზები ყოველთვის ქვემოთ ცურავს. თევზები, რომლებმაც აკვარიუმში დიდი დრო გაატარა, ზევით ნელა ცურავს.

რამდენიმე წესი დაიმახსოვრეთ, რომ მაღაზიაში ახალი თევზი იყიდოთ. დიდ დროს არ წაგართმევთ. ახალი თევზით ნამდვილად სასარგებლო კერძის მომზადებას შეძლებთ.