მჭადის გამოცხობის ტექნოლოგია სხვადასხვა ხერხით

3513

იმერეთის სოფლებში უპირატესობას ანიჭებენ თიხის ან ქვის კეცში  გამომცხვარ მჭადს. დღეს სწორედ იმერული წესით მომზადებულ მჭადის რეცეპტს გთავაზობთ.

ინგრედიენტები:

  • სიმინდის ფქვილი  1 კგ
  • წყალი 0,5 ლ

მომზადება:

სიმინდის ფქვილი გავცრათ საცერში, დავასხათ თბილი წყალი და მოვზილოთ ოდნავ რბილი ცომი, გადავიტანოთ გაცხელებულ ტაფაზე, შევასწოროთ სველი ხელით, დავახუროთ თავსახური და როცა ერთი მხარე გამოცხვება, გადავაბრუნოთ, თავზე აღარ დავახუროთ და გავაგრძელოთ გამოცხობა.

საინტერესოა ვიცოდეთ თუ როგორ გამოვაცხოთ მჭადი კეცზე…

ქვის კეცი კარგად გავახუროთ ცეცხლზე, ჩავდოთ შიგ ცომი, გავაბრტყელოთ, მივცეთ კეცის ფორმა, დავახუროთ თუნუქი და ზემოდან დავაყაროთ ცხელი ნაცარი და ნაკვერცხალი. გამოცხობის დრო დაახლოებით 40-60 წუთია.

თიხის კეცებში მჭადის გამოცხობისთვის არსებობს სხვადასხვა ხერხი: 

1 – გავაცხელოთ 2 თიხის კეცი, ერთში ჩავაკრათ ცომი, მეორე დავახუროთ თავზე, ზემოდან დავაყაროთ ცხელი ნაცარი, ნაკვერცხალი და გამოვაცხოთ.

2 – გავაცხელოთ ერთი კეცი, ჩავაკრათ ცომი და მივაფიცხოთ ცეცხლს.

3 – გავაცხელოთ რამდენიმე (4-5) თიხის კეცი. ერთზე დავადოთ ცომი, შევასწოროთ სველი ხელით, ზემოდან დავადოთ მერე კეცი ფსკერით მჭადზე, აქაც დავდოთ ცომი, დავაფაროთ მესამე კეცი და ა.შ. ბოლო კეცს დავაფაროთ თუნუქის ფირფიტა, ზედ დავაყაროთ ცხელი ნაცარი და ნაკვერცხალი. მჭადი მზად იქნება დაახლოებით 50-60 წუთში.

კეცზე მჭადის გამოცხობის დროს ხშირად იყენებენ წაბლის ფოთლებს, რომელიც მჭადს განსაკუთრებულ არომატს აძლევს. გახურებულ კეცზე დავაფინოთ წაბლის ფოთლები, დავდოთ ცომი და ზემოდანაც დავაფაროთ ფოთლები, შემდეგ თუნუქის ფირფიტა ნაკვერცხლით.

ნებისმიერი მჭადის სისქე არ უნდა აღემატებოდეს 2-3 სანტიმენტს.