დაგვეთანხმეთ, რომ ბევრ სხვადასხვა რეცეპტს შორის ღირსეული ვარიანტის პოვნა რთულია. გიზიარებთ უნიკალურ კულინარიულ შემოქმედებას. ესაა მოხარშული ბისკვიტი რძეზე. მას „იაპონურ ბისკვიტს“ ან „საკურას“ უწოდებენ, რადგან რეცეპტი ცნობილმა ტოკიოელმა კონდიტერმა გამოიგონა.
ასეთი ცომეული ნებისმიერი ტორტის ან ნამცხვრის იდეალური ბაზაა. უბრალოდ ნაჭრებად დაჭრა და ჩაიზე მიყოლებაც კარგი იდეაა. Gastronomia.ge–ს რედაქცია ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტზე, რომ ეს ცომეული უპრობლემოდ შეგიძლიათ გაყინოთ და საჭიროებისამებრ მაცივარში გადაიტანოთ, რომ თანდათან გადნეს. ასე ბუმბულივით მსუბუქი დესერტი რძის გემოთი ყოველთვის ხელთ გექნებათ.
მოხარშული ბისკვიტი რძით: მომზადების ნიუანსები
მნიშვნელოვანია, რომ ღუმელის კარი პირველი 30–40 წუთი არ გააღოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში ბისკვიტი ცუდად ამოვა ან საერთოდ დავარდება. გირჩევთ, გამოაცხოთ ფორმაში, რომელსაც გვერდები ეხსნება, რადგან სხვა შემთხვევაში ფორმიდან ამოღება გაგიჭირდებათ. მზა მოხარშული ბისკვიტი ძალიან ნაზი გამოდის და შეიძლება უბრალოდ გასკდეს. სასიამოვნო მომზადებას გისურვებთ.
ინგრედიენტები:
- 100 მლ რძე
- 150 გ ხორბლის ფქვილი
- 8 კვერცხი
- 100 მლ კარაქი
- 110 გ შაქარი
მომზადების წესი:
1. რძე ქვაბში ჩაასხით, კარაქი დაუმატეთ და შეათბეთ, მაგრამ არ აადუღოთ. როგორც კი, ორთქლი ამოვა, ქურას მოაშორეთ.
2. სანამ რძე თბება, კვერცხის ცილები და გულები დააცალკევეთ. ცხელ რძეს ფქვილი დაუმატეთ და ცომს აურიეთ, სანამ ერთგვაროვანი არ გახდება და არ შეიკვრება.
3. გაფრთხილება: ამ ეტაპზე ცომი თხევადი გამოვა. ასე ხდება, თუ რძე ძალიან ცხელი არაა. ამ შემთხვევაში, ისევ ქურაზე დადგით და ურიეთ, სანამ საჭირო კონსისტენციას არ მიაღწევს.
4. კვერცხის გულები დაუმატეთ და ერთგვაროვანი მასის მიღებამდე აურიეთ. კვერცხის ცილები და შაქარი ფაფუკი მასის მიღებამდე ათქვიფეთ და ცომს ფრთხილად დაუმატეთ. კოვზით ან სპატულით აურიეთ.
5. 160 გრადუსზე აცხვეთ. მზაობა ხის ჩხირით ან კბილის ჩხირით შეამოწმეთ.
6. მომზადების დრო ღუმელის და საცხობი ფორმის ზომებზე დამოკიდებულია. საშუალოდ 1 საათში ცხვება.
როგორც ხედავთ, მოხარშული ბისკვიტის ცომს ჩვეულებრივზე მეტი დრო სჭირდება, მაგრამ რეცეპტი მარტივია და შედეგი 10–დან 10 ქულას იმსახურებს.