იტალიური კექსი პანეტონეს რეცეპტით მაფინებს ვაცხობ

972

ტკბილი სააღდგომო საჩუქრები როგორც ნათესავებს, ასევე მეგობრებს და თანამშრომლებს გაუხარდებათ. გემრიელი ცომეული სასიამოვნო არომატით, სანელებლებით და ჩირით, რომელიც საგაზაფხულო დღესასწაულთან ასოცირდება, სააღდგომო მაგიდისთვის კარგი საჩუქარია. სხვადასხვა სახის პასქა სასაჩუქრე შეფუთვაში შეგიძლიათ შეიძინოთ. რა გიშლით ხელს რომ ტკბილეული თავად გამოაცხოთ? იტალიური კექსი პანეტონე სააღდგომოდ შეუდარებელია. Gastronomia.ge–ს რედაქცია გიზიარებთ რეცეპტს, რომლის მიხედვით იტალიური კექსი მაფინების სახით შეგიძლიათ გამოაცხოთ.

პანეტონეს მაფინები ჰაეროვანი და ბუმბულივით ფაფუკი გამოდის. ცომთან ცოტა მუშაობა მოგიწევთ, მაგრამ საბოლოო შედეგი ამად ღირს. სხვათა შორის, ცომი სტანდარტულ და არა მაფინის ფორმებში შეგიძლიათ გამოაცხოთ.

ინგრედიენტები:

  • 550 გ ხორბლის ფქვილი
  • 1 ჭიქა რძე
  • 3 კვერცხი
  • 5 გ ვანილი
  • 200 გ კარაქი
  • 2 ფორთოხალი
  • ნიგოზი გემოვნებით
  • 10 გ მშრალი საფუარი
  • მწიკვი მარილი
  • 100 გ შაქარი
  • 3 კვერცხის გული
  • 1 ლიმონი
  • 100 გ ცუკატი

მომზადების წესი:

1. ფქვილი ღრმა თასში გაცერით, საფუარი და მარილი დაუმატეთ. მშრალ ინგრედიენტებს 3 კვერცხი, ოთახის ტემპერატურამდე შემთბარი რძე დაუმატეთ და აურიეთ. ერთგვაროვანი მასის მიღებამდე (დაახლოებით 15 წუთით) მოზილეთ.

2. თასს მცენარეული ზეთი წაუსვით და ცომი მასში გადაიტანეთ. პარკი დააფარეთ და 1 საათით თბილ ადგილას გააჩერეთ. ამ ვადაში ცომის მოცულობა უნდა გაორმაგდეს.

3. ცალკე თასში შაქარი, ვანილი და 3 კვერცხის გული აურიეთ. მიქსერით ათქვიფეთ. ულუფებად რბილი კარაქი დაუმატეთ. ყოველი დამატების შემდეგ მიქსერით ათქვიფეთ.

4. ცომი მსუბუქად ჩაზილეთ, რომ ჰაერის მსხვილი ბუშტები გამოუშვათ. ახლა კარაქის მასა დაუმატეთ და კარგად მოზილეთ.

5. სუფთა თასს მცენარეული ზეთი წაუსვით და ცომი მოათავსეთ. კვლავ პარკი დააფარეთ და 1 საათით ამოსასვლელად გააჩერეთ.

6. ლიმონის და ფორთოხლის ცედრა გახეხეთ. ცომს ცედრა ცუკატებთან ერთად დაუმატეთ და აურიეთ.

7. ცომი მაფინის ქაღალდის ფორმებში გადაანაწილეთ. ზუსტად ფორმის 2/3 მოცულობა გაავსეთ.

8. კაკალი პარკში ჩადეთ და საგორავით საჭირო დონეზე დააქუცმაცეთ. დაქუცმაცებული კაკალი მაფინებს მოაყარეთ.

9. მარლა დააფარეთ, რომ ცომმა ისუნთქოს და 15 წუთით თბილ ადგილას გააჩერეთ.

10. მაფინები 200 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 15 წუთით აცხვეთ.

პანეტონეს მაფინები მზადაა. გასულ წელს ჩემს ახლობლებს შორის ნამდვილი ფურორი მოახდინა. ამ რეცეპტით ძალიან წარმატებული ცომი გამოდის, ხოლო მაფინები ბუმბულივით ჰაეროვანია. რეცეპტი შეინახეთ და აუცილებლად სცადეთ!