მოვამზადოთ ბულგარული წიწაკა ზამთრისთვის: რეცეპტები სხვადასხვა შემთხვევისთვის

3150

ტკბილი წიწაკა ფართოდაა გავრცელებული კულინარიაში: მას უმატებენ სალათებს, სუპებს, გარნირებს, თუშავენ და ტენიან. ამიტომ, დიასახლისები ეძებენ წიწაკის ზამთრისთვის მომზადებისა და შენახვის საშუალებებს, რათა მისი სასარგებლო თვისებებითა და გემოთი არამხოლოდ ზაფხულში, არამედ ზამთარშიც ისიამოვნონ.

სხვათაშორის, 100 გ წიწაკა C ვიტამინის დღიურ ნორმას აღემატება. გაოცებული ვიყავი, როცა გავიგე, რომ ასკორბინის მჟავის შემცველობით, ჩვენთვის ნაცნობი ტკბილი წიწაკა 2-3-ჯერ  უსწრებს ლიმონსა და ფორთოხალს, ხოლო 4-10-ჯერ – ვაშლს.

ჩვენი რედაქცია სიამოვნებით გაგიზიარებთ ბულგარული წიწაკის მომზადების 5 რეცეპტს, რომლებიც საშუალებას მოგცემთ, მთელი წლის განმავლობაში დატკბეთ ამ წვნიანი და ძალიან სასარგებლო ბოსტნეულით.

ბულგარული წიწაკა ზამთრისთვის

1. ფარშირებისთვის

დაგჭირდებათ დაახლოებით ერთი და იმავე ზომისა და ფორმის წიწაკები. გარეცხეთ, გააშრეთ, მოაჭერით თავები და ამოაცალეთ თესლები. ამოწმინდეთ ხელსახოცით წიწაკის შიდა ნაწილი, ზედმეტი სითხე რომ ამოიღოთ.

შედგით წიწაკები ერთმანეთში, 4-5 ცალი რიგში. ჩაალაგეთ პაკეტში, შეკარით და შედგით საყინულეში. ასე მომზადებული წიწაკები მარტივად შორდება ერთმანეთს. მოსახერხებელია მათი ფარშირება გაულღობლადაც. არომატული ფარშირებული წიწაკა ახალი წლისთვის – ეს აუცილებლად უნდა სცადოთ.

2. პიცისთვის

მოამზადეთ წიწაკა ზუსტად ისე, როგორც პირველ რეცეპტში. არ გადაყაროთ მოჭრილი თავები. დაჭერით გაწმენდილი, სხვადასხვა ფერის წიწაკები წვრილ რგოლებად, რომლებსაც მოსახერხებლად გამოიყენებთ პიცის მოსამზადებლად.

დაალაგეთ წრეები მაგიდაზე და შეახვიეთ ქაღალდის ხელსახოცებში. თუ სითხეს მაქსიმალურად მოაშორებთ, მაცივარში წიწაკის ნაჭრები არ შეეწებება ერთმანეთს. გადაალაგეთ წიწაკები ჩვეულებრივ პაკეტში ან პლასტმასის ჭიქაში და შედგით საყინულეში.

3. სალათებისთვის

დაჭერით წიწაკა კუბებად ან წვრილ ზოლებად. მას გამოიყენებთ სუპებში, სალათებსა და ბოსტნეულის რაგუში.

გააცალეთ ზედმეტი სითხე ქაღალდის ხელსახოცების გამოყენებით. ჩაალაგეთ წიწაკის ნაჭრები პაკეტში ან პლასტმასის ბოთლში.

4. პირველი კერძებისთვის

დროა, რაღაც მოუხერხოთ პირველი სამი რეცეპტიდან მორჩენილი თავები. მოაჭერით კუდები, დატოვეთ მხოლოდ შეჭმადი რბილობი.

მოათავსეთ წიწაკის ნაჭრები ბლენდერის თასში და ათქვიფეთ პიურეს მიღებამდე.

მიღებული პიურე ჩაალაგეთ ყინულის ფორმებში.შედგით ისინი საყინულეში და დაელოდეთ მასის გაყინვას. მოათავსეთ გაყინული პიურე პაკეტში შემდგომი შენახვისთვის. ზამთარში მას პირველი კერძების გემოს გასაუმჯობესებლად გამოიყენებთ.

5. სასუსნავებისთვის

ამ რეცეპტისთვის დიდი და ხორციანი წიწაკა დაგჭირდებათ. დაფინეთ საცხობ ფორმაზე ქაღალდი. დაალაგეთ მასზე წიწაკები და შედგით 30 წუთით 200 გრადუსზე გახურებულ ღუმელში.

ამ დროის გასვლის შემდეგ, გადადეთ წიწაკები ქვაბში, დაახურეთ თავსახური და გააგრილეთ. გააცალეთ წიწაკას კანი, ეს გაგიმარტივდებათ. გააცალეთ ყუნწი და თესლი. დაჭერით თითოეული წიწაკა 3-4 ნაჭრად.

გადაანაწილეთ წიწაკის ნაჭრები თავსახურიან კონტეინერებში. ზამთარში გაალღვეთ, დაჭერით ზოლებად, დაუმატეთ ორეგანო, ნიორი და კამა. მოამზადეთ საკმაზი ზეითუნის ზეთისა და სოიოს სოუსით. გამოგივათ შესანიშნავი სასუსნავი.

ბულგარული წიწაკის მომზადების რეცეპტები საშუალებას მოგცემთ, ეს ბოსტნეული მთელი წლის განმავლობაში მოიხმაროთ.