მეგრული ჩაშუშული – მადისაღმძვრელი და ნოყიერი კერძი

4675

როგორც სამეგრელოში მოგზაურობისას იტალიელი მისიონერები წერდნენ, გლეხები ხორცს იშვიათად ჭამდნენ. ხორციანი კერძები არისტოკრატების რაციონში შედიოდა. მეგრული ჩაშუშული ცხელი ხორციანი კერძია, რომელსაც პამიდორი უფრო გვიან დაემატა. მთავარი ამ კერძში ხორცის, მწვანილისა და სანელებლების სწორი ბალანსი და, რასაკვირველია, მეგრული კერძებისთვის დამახასიათებელი სიცხარეა.

ინგრედიენტები: 

  • საქონლის ხორცი – 1 კგ
  • პამიდორი – 600 გ
  • ხახვი – 2-3 თავი
  • ნიორი – 3-4 კბილი
  • ოხრახუში – 50 გ
  • ქინძი – 50 გ
  • დაფნის ფოთოლი – 1 ცალი
  •  მარილი გემოვნებით
  • წითელი ცხარე წიწაკა (ცოცხალი) – 25 გ
  • დაფქული ქინძი – 8 გრ
  • უცხო სუნელი – 8 გ
  • შაქარი – 10 გ
  • ზეთი – 50 მლ

მომზადების წესი:

  1. ტაფაში ჩაყარეთ პატარა კუბებად დაჭრილი საქონლის ხორცი, ჩააგდეთ დაფნის ფოთოლი. დაახურეთ თავსახური და მოშუშეთ. საჭიროების მიხედვით, დაამატეთ წყალი, შუშეთ მანამდე, სანამ ხორცი არ დარბილდება. დაახლოებით 25 წუთში ხორცი გადაწურეთ და სითხე ჭურჭელში შეინახეთ. ტაფაში დარჩენილ ხორცს დაუმატეთ ზეთი, დაჭრილი ხახვი და მობრაწეთ.
  2. პამიდორს გააცალეთ კანი და დაკეპეთ. როცა ხორცი სასურველ დონემდე დაიბრაწება, დაასხით დაკეპილი პამიდორი წვენიანად, შუშეთ 3-4 წუთს, შემდეგ დაამატეთ შენახული სითხე. მარილი, შაქარი, დაფქული ქინძი, უცხო სუნელი და წვრილად დაკეპილი წითელი წიწაკა. შუშეთ დაბალ ცეცხლზე დაახლოებით 15-16 წუთს და თუ ამ დროს წყალს ჩაიშრობს, დაამატეთ.
  3. მომზადებული ჩაშუშული გადმოდგით ცეცხლიდან, კერძს მოაყარეთ დაჭრილი ოხრახუში. ქინძი, დაჭყლეტილი ნიორი და ამოურიეთ. მიირთვით ცხლად. ცხარე წიწაკა დაუმატეთ გემოვნებით.