მარწყვის ტირამისუ: რა არის საზაფხულო ტკბილეულის სიმსუბუქის საიდუმლო

29

მიყვარს დესერტები, რომელსაც ცხობა არ სჭირდება! მარწყვის სეზონი ახლოვდება, ამიტომ საზაფხულო მარწყვის ტირამისუს გთავაზობთ. სუპერ მარტივად მზადდება. გემრიელი, არომატული და ლამაზი გამოდის. Gastronomia.ge–ს რედაქცია გიამბობთ, რა არის მარწყვის ტირამისუს სიმსუბუქის საიდუმლო.

ბაზის ინგრედიენტები:

  • 1 შეკვრა ორცხობილა „სავოიარდი“
  • 200 გ მარწყვი
  • 100 გ მარწყვის ჟელე
  • 30 გ შაქარი
  • 100 მლ წყალი

კრემის ინგრედიენტები:

  • 500 მლ ნაღები
  • 250 გ ყველი მასკარპონე
  • 80 გ შაქრის ფხვნილი
  • 16 გ ვანილი

დეკორის ინგრედიენტები:

  • 1 შეკვრა ჟელე ტორტისთვის
  • 2 ს/კ შაქარი
  • 250 გ წყალი
  • 300 გ მარწყვი

მომზადების წესი:

1. საჟღენთის მოსამზადებლად 100 გ მარწყვი დააბლენდერეთ. ღრმა ტაფაში გადაიტანეთ და წყალი დაასხით, შაქარი დაუმატეთ. ადუღებამდე მიიყვანეთ, შემდეგ ოთახის ტემპერატურამდე გააგრილეთ.

2. მარწყვი გარეცხეთ, ყუნწები მოაშორეთ, კენკრა შუაზე ან ოთხად გაჭერით.

3. კრემის მოსამზადებლად ნაღები მსუბუქი ქაფიანი მასის მიღებამდე ათქვიფეთ. შაქრის ფხვნილი, ვანილი და ყველი მასკარპონე დაუმატეთ. მიქსერით ერთგვაროვანი მასის მიღებამდე ათქვიფეთ.

4. ორცხობილა „სავოიარდი“ აიღეთ, საჭირო სიგრძეზე გადაჭერით. მაგალითად, მხოლოდ წვერები შეგიძლიათ მოაჭრათ, რომ მყარად გაჩერდეს. ტორტი მის გარეშეც ან ტრაიფლის სახით შეგიძლიათ მოამზადოთ.

ორცხობილები სახსნელი საცხობი ფორმის გვერდებს წრიულად მჭიდროდ მიაკარით, შაქრიანი მხრიდან გარეთ. საკონდიტრო რგოლიც გამოგადგებათ. ამ შემთხვევაში ფორმის ძირი ორცხობილით დაფარეთ. როგორც მთელი ორცხობილა, ასევე გადანაჭერი გამოგადგებათ.

5. ორცხობილის ძირს მარწყვის სიროფი წაუსვით. კრემი გადაიტანეთ. კრემზე მარწყვის ნაჭრები დააწყვეთ. მარწყვი არ დაგენანოთ, ბევრი არ არსებობს!

6. კვლავ კრემი დაუმატეთ ისე, რომ მარწყვი დაიფაროს. შემდეგ – ორცხობილის ახალი ფენა, რომელიც სიროფით კარგად უნდა გაჟღინთოთ. ორცხობილას კრემი წაუსვით. ზემოდან კაკაო მოაყარეთ. დესერტი 2-3 საათით მაცივარში გააჩერეთ, რომ კარგად გაიჟღინთოს.

7. ჟელეს ფხვნილი ღრმა ტაფაში ჩაყარეთ, შაქარი, წყალი დაუმატეთ და ქურაზე დადეთ. აურიეთ და ადუღებამდე მიიყვანეთ.

8. როცა ტორტი გამაგრდება, რგოლი მოხსენით. ბაზას ლენტა შეგიძლიათ შემოახვიოთ. თითოეული კენკრა ცხელ ჟელეში ამოავლეთ და ტორტზე დადეთ. ამ ხრიკის წყალობით მარწყვი დიდხანს არ გახმება. ჟელეს ნაბიჯი გამოტოვეთ, თუ ტორტის ერთ დღეში ჭამას აპირებთ. გემრიელად მიირთვით!

სხვათა შორის, ორცხობილა ბისკვიტით ან ფურცლოვანი ორცხობილით შეგიძლიათ ჩაანაცვლოთ. მარწყვის ტირამისუ და ჭიქა ლიმონათი ზუსტად ისაა, რაც ცხელ ზაფხულს გვჭირდება. ტორტი ჰაეროვანი, მარწყვის გემოთი გამოდის. თქვენ და თქვენს სტუმრებს დიდ სიამოვნებას მოგანიჭებთ.