კონვერტები ვაშლის შიგთავსით უკრაინელი მზარეულის, ლილია ცვიტის რეცეპტით

421

ცივი და სუსხიანი ამინდი პირდაპირ მოგვიწოდებს, რომ ოჯახის წევრებისთვის ცომეული გამოვაცხოთ. თუ ქურასთან დიდხანს დგომა გეზარებათ, უკრაინელი მზარეულის, ლილია ცვიტის მარტივი, სწრაფი და გამოცდილი რეცეპტი გამოიყენეთ. Gastronomia.ge–ს რედაქცია გიამბობთ, როგორ მოამზადოთ არომატული კონვერტები ვაშლის შიგთავსით. ტკბილეულს საოცარი არომატი და უნაზესი გემო აქვს.

კონვერტები ვაშლის შიგთავსით

ცომი, ასევე შიგთავსი შეგიძლიათ შეცვალოთ. ექსპერიმენტები ნებადართულია. ლილია ცვიტი არაჟნის ფხვიერი ცომის მომზადებას გირჩევთ. ასე ნაზ და რბილ ცომეულს მიიღებთ, რომელიც ჩაიზე მისაყოლებლად იდეალურია.

ცომის ინგრედიენტები:

  • 330 გ ხორბლის ფქვილი
  • 200 გ კარაქი
  • 140 გ 15%–იანი არაჟანი

შიგთავსის ინგრედიენტები:

  • 5-6 ვაშლი
  • 120 გ შაქარი
  • 20 გ მანანის ბურღული
  • დარიჩინი გემოვნებით

მომზადების წესი:

1. შიგთავსის მომზადებით დაიწყეთ. გათლილი და კუბებად დაჭრილი ვაშლი მშრალ ტაფაზე მოათავსეთ. შაქარი დაუმატეთ და აურიეთ. სუსტ ცეცხლზე დარბილებამდე და სითხის აორთქლებამდე თუშეთ.

2. დარბილებულ ვაშლს მანანის ბურღული დაუმატეთ. ასე უფრო სქელი შიგთავსი გამოვა და ცომიდან არ გადმოიღვრება. დარიჩინი დაუმატეთ და აურიეთ. ქურას მოაშორეთ.

3. ცომისთვის კუბებად დაჭრილი ცივი კარაქი და ფქვილი აურიეთ ისე, რომ ნაფშვენი მიიღოთ. არაჟანი დაუმატეთ და ცომი მოზილეთ. დიდხანს არ მოზილოთ. საკმარისია, რომ ერთ გუნდად შეიკრას.

4. თუ დრო გაქვთ, ცომი პარკში ჩადეთ და 30-60 წუთით მაინც მაცივარში შეინახეთ.

5. მზა ცომი მართკუთხედად გააბრტყელეთ. დაახლოებით 2–3 მმ სისქე უნდა ჰქონდეს. კიდეები მოაჭერით, რომ იდეალურად სწორი მართკუთხედი მიიღოთ. ახლა თანაბარი ზომის ( 8 x 8 სმ ) კვადრატებად დაყავით.

6. კვადრატის ცენტრში ცოტა ვაშლის შიგთავსი ჩადეთ. კვადრატის მოპირდაპირე კიდეები შეკარით. ასე კონვერტის ფორმას მიიღებთ.

7. მზა კონვერტები პერგამენტდაფარებულ საცხობ ფორმაზე გადაიტანეთ. 170 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 30-40 წუთით აცხვეთ. კონვერტები უნდა შეწითლდეს. ბოლოს შაქრის ფხვნილი მოაყარეთ. მზადაა! გემრიელად მიირთვით!

რჩევები

შიგთავსში ვაშლის ნაცვლად სხვა ხილი, მაგალითად, მსხალი ან გოგრა შეგიძლიათ გამოიყენოთ. მთავარი წესი: შიგთავსი სქელი უნდა იყოს, რომ ცომიდან არ გამოჟონოს. კონვერტში ბანანის ნაჭრები და შოკოლადის ნატეხები შეგიძლიათ ჩადოთ. გემრიელი გამოვა.

ტკბილეული ფენოვანი ცომიდან შეგიძლიათ გააკეთოთ. ამ შემთხვევაში ცომი შეიძინეთ, ხოლო შიგთავსი რეცეპტის მიხედვით მოამზადეთ. სანამ ღუმელში მოათავსებთ, ათქვეფილი კვერცხი ან რძე წაუსვით.