კონდიტერმა საოცრად ნაზი ხაჭოს პეროგის საიდუმლო გამიზიარა

974

სააღდგომო დღესასწაულების და თანმხლები კულინარიული დახვეწილობის შემდეგ რაღაც გემრიელი, მაგრამ მარტივი მინდა. ამ განსაზღვრებაში ხაჭოს პეროგი კარგად ჯდება. სასიამოვნო საუბრის ფონზე ფინჯან ჩაიზე მისაყოლებლად იდეალურია. Gastronomia.ge–ს მომზადების დეტალურ ინსტრუქციას გიზიარებთ.

ბისკვიტის ინგრედიენტები:

  • 2 კვერცხი
  • 160 გ შაქარი
  • 100 გ მცენარეული ზეთი
  • 180 გ ფქვილი
  • 100 გ ნაღები (20%)
  • 5 გ გამაფხვიერებელი
  • ვანილი
  • ნუშის ფურცლები გასაფორმებლად
  • 24 სმ დიამეტრის საცხობი ფორმა

შიგთავსის ინგრედიენტები:

  • 2 კვერცხი
  • შაქარი გემოვნებით
  • 1 ლიმონის ცედრა
  • 400 გ ხაჭო

მომზადების წესი:

1. ბისკვიტის მოსამზადებლად კვერცხი, შაქარი და ვანილი აფუებული მასის მიღებამდე ათქვიფეთ.

2. მცენარეული ზეთი და ცხიმიანი ნაღები ჩაასხით.

3. ფქვილი და გამაფხვიერებელი აურიეთ. გაცრილი ფქვილი კვერცხის მასას დაუმატეთ. აურიეთ, ისე, რომ საკმაოდ მკვრივი ცომი მიიღოთ, როგორც კექსის შემთხვევაში.

4. საცხობ ფორმას ქაღალდი დააფინეთ და კარაქი წაუსვით. მზა ფორმაში ცომის ნახევარი ჩაასხით.

5. კოვზით გაასწორეთ და 170 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 10 წუთით აცხვეთ.

6. ამ დროში ხაჭოს კრემი მოამზადეთ. ხაჭო, შაქარი, კვერცხი, ლიმონის ცედრა ან ფორთოხალი მიქსერით აურიეთ. სურვილის შემთხვევაში კენკრა, ცუკატი ან ქიშმიში გემოსთვის დაუმატეთ.

7. ბისკვიტი ღუმელიდან გამოიღეთ. ხაჭოს კრემის სქელი ფენა წაუსვით, შემდეგ დარჩენილი ცომით დაფარეთ.

8. საკმაოდ სქელი ცომი თხელ კრემზე ლამაზად რომ გაანაწილოთ, საკონდიტრო ტომრით სპირალურად მოასხით, შემდეგ კოვზით გაასწორეთ.

9. გასაფორმებლად ნუშის ფანტელები მოაყარეთ.

10. პეროგი კვლავ ღუმელში მოათავსეთ. 15-20 წუთით აცხვეთ.

11. გააგრილეთ და მაგიდაზე გაიტანეთ.

12. პეროგის ნაჭერი აიღეთ და ლიმონის არომატი შეიგრძენით, ნაღების რძიანი სიტკბო და ღრუბელივით ნაზი ხაჭოს შიგთავსი იგრძენით. გემრიელად მიირთვით!