კონსერვების სეზონი გახსნილია, თქვენ კი ვერ იპოვეთ შესაფერისი რეცეპტი? კულინარიული ჯადოქარი ევგენი კლოპოტენკო დაგეხმარებათ. მისი რეცეპტით დამწნილებული კიტრი ძმრით გათვლილია სამლიტრიან ქილაზე. ძალიან ხრაშუნა და არომატული გამოდის. თითებს ჩაიკვნეტთ!
კიტრი სურნელოვანი რომ გამოვიდეს, მზარეული გირჩევთ, კონსერვში ნარევს კამის თესლი დაუმატოთ. ის ნამზადს შეუდარებელ არომატს სძენს. ასეთი კიტრი მომზადებიდან უკვე 1 კვირაში შეგიძლიათ მიირთვათ. ამ დროში არომატული სანელებლებით გაიჟღინთება, ზომიერად მარილიანი და წარმოუდგენლად გემრიელი გახდება.
ხრაშუნა დამწნილებული კიტრი ძმრით: მნიშვნელოვანი ნიუანსი
უკრაინელი შეფმზარეული დაკონსერვების წინ კიტრის ჩალბობის მნიშვნელობას ხაზს უსვამს. ბოსტნეულს სუფთა წყალი დაასხით ისე, რომ მთლიანად დაიფაროს. 2 საათი ოთახის ტემპერატურაზე გააჩერეთ. ვადის გასვლის შემდეგ სითხე გადაწურეთ და მომზადების ძირითად პროცესზე გადადით.
ინგრედიენტები:
- 1,6 კგ კიტრი
- 6 კამა
- 9 კბილი ნიორი
- 8 ჩ/კ შაქარი
- 2 ჩ/კ კამის თესლი
- 30 ცალი შავი წიწაკა
- 12 დაფნის ფოთოლი
- 1,4 ლ წყალი
- 4 ჩ/კ მარილი
- 6 ს/კ ძმარი
მომზადების წესი:
1. წყალი ქვაბში ჩაასხით. მარილი, შაქარი და კამის თესლი დაუმატეთ და კარგად აურიეთ. ძმარი ჩაასხით და ნარევი ადუღებამდე მიიყვანეთ.
2. სტერილიზებული ქილების ძირში 4-4 დაფნის ფოთოლი ჩააფინეთ. თითოეულ ქილას დაუმატეთ 3 გასუფთავებული ნივრის კბილი და 2 კამის ტოტი და 10 მარცვალი შავი წიწაკა.
3. ქილები წინასწარ ჩალბობილი კიტრებით გაავსეთ. არომატული მდუღარე ნარევი დაასხით.
4. ქვაბის ძირში პირსახოცი ჩააფინეთ. ქილები ჩააწყვეთ. ქვაბში წყალი ჩაასხით ისე, რომ კიტრიანი ქილები ნახევრამდე დაიფაროს. ქილებს თავსახურები დაახურეთ და 10 წუთი ადუღეთ.
5. ბოლოს ქილებს თავსახური მჭიდროდ დაახურეთ და გადააბრუნეთ. ოთახის ტემპერატურაზე სრულად გაცივებამდე გააჩერეთ.
სიტყვაზე, ქილები ღუმელში შეგიძლიათ გაასტერილოთ. 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 40 წუთი გააჩერეთ. ქილების და თავსახურების სტერილიზაციისთვის თქვენთვის მოსახერხებელი ნებისმიერი სხვა მეთოდი შეგიძლიათ გამოიყენოთ. ეს ეტაპი არავითარ შემთხვევაში გამოტოვოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში, მთელი ძალისხმევა წყალში ჩაგეყრებათ.