კლასიკურზე გემრიელი. კომბოსტოს ტოლმა ხორცის და ბრინჯის გარეშე

790

დიდი მარხვის პერიოდში ჩვეულ მენიუზე უარის თქმა საჭირო არაა, უბრალოდ მცირე კორექტირება უნდა შეიტანოთ. ამის გაკეთება მარტივია. მთავარია, რომ ფანტაზია ჩართოთ. Gastronomia.ge–ს რედაქცია გიამბობთ, როგორ მოამზადოთ უჩვეულოდ გემრიელი სამარხვო კომბოსტოს ტოლმა.

მათი მომზადებისას ხორცის და ბრინჯის გამოყენება საჭირო არაა. ბრინჯი ფეტვით ჩაანაცვლეთ, რომ მზა სამარხვო კერძის გემო უფრო გაჯერებული იყოს. ტოლმის წვნიანობისთვის გამოიყენეთ ბულგარული წიწაკა, ნოყიერებისთვის – სოკო.

როგორ მოვამზადოთ იდეალური სამარხვო კომბოსტოს ტოლმა

გირჩევთ, რომ გემრიელი კომბოსტოს ტოლმის მოსამზადებლად პეკინის კომბოსტო გამოიყენოთ. მას რიგი უპირატესობები აქვს. პირველ რიგში, მასთან ერთად კერძი უჩვეულოდ წვნიანი გამოდის. მეორეც, პეკინის კომბოსტოს დიდი მომზადება არ სჭირდება, რადგან მხოლოდ 2–3 წუთში იხარშება.

ინგრედიენტები:

  • 200 გ ფეტვი
  • დაფქული შავი წიწაკა გემოვნებით
  • 1 სტაფილო
  • 300 გ ქამა სოკო
  • 2,5 ს/კ პომიდვრის პასტა
  • 0,5 ჩ/კ შაქარი
  • 2 კბილი ნიორი
  • 1 ჩ/კ მარილი
  • 1 ხახვი
  • 1 ბულგარული წიწაკა
  • 500 მლ წყალი
  • მზესუმზირის ზეთი გემოვნებით
  • 1 პეკინის კომბოსტო

მომზადების წესი:

1. ფეტვი თბილ წყალში კარგად გარეცხეთ. მომზადებამდე მოხარშეთ და გააგრილეთ.

2. ხახვი გაწმინდეთ და პატარა კუბებად დაჭერით. სტაფილო გათალეთ და გახეხეთ. ტაფაზე მზესუმზირის ზეთი გააცხელეთ. ხახვი და სტაფილო რამდენიმე წუთით შეწვით.

3. ბულგარული წიწაკა კარგად გარეცხეთ. თესლი და ყუნწი მოაშორეთ. ზოლებად დაჭერით. წიწაკა დარჩენილ ბოსტნეულს დაუმატეთ. აურიეთ. თავსახური დაახურეთ და 4 წუთით ჩაშუშეთ.

4. ქამა სოკო ფირფიტებად დაჭერით. სოკო დანარჩენ ბოსტნეულს დაუმატეთ. 5 წუთით ქურაზე გააჩერეთ.

5. ნიორი გაწმინდეთ და დაჭყლიტეთ. ნიორი, მარილი და შავი წიწაკა ბოსტნეულს დაუმატეთ. კარგად აურიეთ და 1 წუთში ქურიდან გადმოდგით.

6. პეკინის კომბოსტო მდუღარე წყალში (მაქსიმუმ 3 წუთით) მოხარშეთ. ფურცლები მოაშორეთ. ფურცლებს თეთრი სქელი ნაწილი მოაჭერით და 2 ნაწილად გაყავით.

7. ფეტვს შემწვარი ბოსტნეული დაუმატეთ. კარგად აურიეთ. მზა შიგთავსი კომბოსტოს ფურცელზე გადაიტანეთ და შეახვიეთ. ტოლმა მზადაა.

8. სოუსი გააკეთეთ. ღრმა თასში სუფთა წყალი, პომიდვრის პასტა, 0,5 ჩ/კ მარილი და შაქარი აურიეთ.

9. ქვაბის ძირში რამდენიმე პეკინის ფურცელი ჩააფინეთ. ზემოდან ტოლმები დააწყვეთ. პომიდვრის სოუსი მოასხით. ადუღებამდე მიიყვანეთ. თავსახური დაახურეთ. სუსტ ცეცხლზე 40-45 წუთით ჩაშუშეთ.

წვნიანი და არომატული კომბოსტოს ტოლმა მზადაა. რეცეპტი მარხვის პერიოდში ნამდვილი აღმოჩენაა. ამაში თავად დარწმუნდებით, როცა უჩვეულო ტოლმას ფეტვით ხორცის გარეშე მოამზადებთ.