თურქული ჯეზერიე თხილით: ნეტარება ყოველ ლუკმაში

1460

თუ რაჰათ-ლუხუმისა და თურქული ტკბილეულობის თანყვანისმცემელი ხართ, დიდი ალბათობით, დაგიგემოვნებიათ თურქული კანფეტი ჯეზერიე კარამელიზებული სტაფილოსგან. ეს გახლავთ ნატურალური და ჯანსაღი დესერტი, თანაც უგემრიელესი.

ჯეზერიეს შინ მომზადებას დიდი ძალისხმევა არ სჭირდება, ინგრედიენტები კი ნებისმიერ სამზარეულოში მოიპოვება: სტაფილო, შაქარი,ციტრუსები, თხილი და ქოქოსის ფანტელი სურვილისამებრ. შესასქელებლად შეგიძლიათ სახამებელი დაუმატოთ, მაგრამ თუ ფიგურას უფრთხილდებით, მაშინ ამოიღეთ ეს ინგრედიენტი.

ინგრედიენტები

  • 500 გრ სტაფილო
  • 150 გრ შაქარი
  • 1 ც მანდარინი
  • 2 ს.კ. სიმინდის სახამებელი
  • 100 გრ ნუში
  • 2 ს.კ. წყალი
  • 2 ს.კ. ქოქოსის ფანტელი

მომზადება

1. გათლილი სტაფილო გახეხეთ, შემდეგ დააბლენდერეთ, მოათავსეთ ქვაბში, დაასხით 2 ს.კ. წყალი და ხარშეთ 30-40 წუთის განმავლობაში. მუდმივად ურიეთ.

2. ჩაყარეთ შაქარი და კიდევ 5 წუთი მოთუშეთ, შემდეგ დაუმატეთ დაჭრილი მანდარინი და ნუში, კარგად მოურიეთ, დაუმატეთ სახამებელი და კიდევ 5 წუთი მოამზადეთ.

3. მოხერხებულ ფორმაში ჩააფინეთ პერგამენტი, მოათავსეთ სტაფილოს პიურე და კარგად დატკეპნეთ. დააფარეთ საკვების ცელოფანი და შედგით მაცივარში 2 საათით.

4. მზა პიურე დაჭერით კვადრატებად ან შექმენით ბურთულები და ამოავლეთ ქოქოსის ფანტელში. შეინახეთ ჰერმეტულ კონტეინერში მაცივარში.

შეგიძლიათ გამოიყენოთ ნებისმიერი თხილი, ჩირი, აღმოსავლური სუნელები გემოვნების მიხედვით. თუ ამ დესერტს ლამაზ ყუთში მოათავსებთ, შესანიშნავი საჩუქარი გამოვა. მოამზადეთ სიამოვნებით და გაუზიარეთ რეცეპტი მეგობრებს!