ზაფხულის ჰიტი. მარწყვის დესერტი ნაღებით, რომელიც 20 წუთში მზადდება

443

არომატული მარწყვის სეზონი სხვადასხვა დესერტის მოსამზადებლად შესანიშნავი დროა. ასეთი ფერადი და გემრიელი კენკრით შეგიძლიათ გაინავარდოთ. Gastronomia.ge–ს რედაქცია გთავაზობთ შესანიშნავ საზაფხულო რეცეპტს, როგორ მოამზადოთ ნამდვილი გემრიელობა მინიმუმი დროის და ძალისხმევის დახარჯვით. მარწყვის დესერტი ნაღებით ამას აუცილებლად დაგიმტკიცებთ.

მზა დესერტი დამოუკიდებელ ტკბილ კერძად შეგიძლიათ მიირთვათ ან ტორტის შუა ფენად გამოიყენოთ. ჰაეროვანი კლასიკური ბისკვიტი გამოაცხვეთ და ორ ნაწილად გაჭერით. ბისკვიტის ერთი ნახევარი თეფშზე დადეთ, მარწყვი–ნაღების დესერტის ფენა უხვად წაუსვით და ბისკვიტის მეორე ნახევარი დააფარეთ. კერძი ლამაზად დაჭრილი ახალი მარწყვით მორთეთ. არომატული სახლის ტორტი მზადაა!

როგორ მოვამზადოთ მარწყვის დესერტი ნაღებით

დესერტს საჭირო კონსისტენცია რომ ჰქონდეს, ძირითადი პროდუქტის არჩევას პასუხისმგებლობით მიუდექით. აიღეთ მწიფე მარწყვი. ნაღების ცხიმიანობას ყურადღება მიაქციეთ, მინიმუმ 33% უნდა იყოს.

ინგრედიენტები:

  • 200 გ მარწყვი
  • 80 გ შაქარი
  • 1 კვერცხის გული
  • 200 მლ ნაღები
  • 2 ს/კ სიმინდის სახამებელი

მომზადების წესი:

1. მარწყვი კარგად გარეცხეთ. გაამშრალეთ და ყუნწები მოაშორეთ. კენკრა ღრმა ქვაბში ჩააწყვეთ. პიურეს მიღებამდე ხელის ბლენდერით დააბლენდერეთ.

2. მარწყვის მასას შაქარი და სიმინდის სახამებელი დაუმატეთ. კვერცხის გული დაუმატეთ. ერთიანი მასის მიღებამდე სათქვეფით აურიეთ.

3. ქვაბი ცეცხლზე დადეთ. მარწყვის მასა გასქელებამდე ხარშეთ, სათქვეფით აქტიურად ურიეთ. ბოლოს ქურიდან გადადეთ.

4. კენკრის მასა ღრმა თასში გადაიტანეთ. პარკი დააფარეთ და სწრაფად გასაგრილებლად მაცივარში შეინახეთ.

5. ცივი ნაღები თასში გადაიტანეთ. მიქსერით სქელი და ფაფუკი მასის მიღებამდე ათქვეფეთ.

6. ცივი მარწყვის ნარევი მაცივრიდან გამოიღეთ, მიქსერით ათქვეფეთ და ნაღებს დაუმატეთ. ყველაფერი ერთიანი მასის მიღებამდე ათქვეფეთ. მზადაა!

მზა დესერტი საკონდიტრო ტომარაში შეგიძლიათ გადაიტანოთ და ლამაზ სადესერტო ჭიქებში ჩაასხათ. სურვილისამებრ ახალი მარწყვით და პიტნით გააფორმეთ, შემდეგ სუფრაზე გაიტანეთ. გემრიელად მიირთვით!