გემრიელი და სასარგებლო პაშტეტის საუკეთესო რეცეპტი

1541

პაშტეტი ძალიან სასარგებლო საკვებია, განსაკუთრებით, თუ ის შინ არის დამზადებული ნატურალური პროდუქტებით. მოამზადეთ ის და მარტივი და სწრაფი საუზმე გარანტირებული გექნებათ.

პაშტეტი საქონლის ხორცისგან 

ინგრედიენტები: 

  • ძროხის ან ხბოს ღვიძლი – 500 გრამი
  • ღორის კანქვეშა ქონი – 100 გრამი
  • კარაქი – 50-60 გრამი
  • ხახვი – 1 თავი
  • სტაფილო – 1 ძირი
  • შავი პილპილი და მარილი – გემოვნების მიხედვით

მომზადების წესი: 

  1. ძროხის ან ხბოს ღვიძლი გავასუფთაოთ, მოვაცილოთ მყესები და ნაღვლის სადინარები.
  2. დავჭრათ საშუალო ზომის ნაჭრებად. სტაფილო და ხახვი დავჭრათ თხლად, ღორის ქონი – წვრილად. დავაყაროთ ყველაფერი ეს ტაფაზე, მოვხრაკოთ, მოვაყაროთ ცოტა მარილი და დანაყილი შავი პილპილი. შემდეგ ორჯერ გავატაროთ ხორცსაკეპ მანქანაში.
  3. თუ საჭირო იქნება, მთელი ეს მასა გავატაროთ თხელ საცერში ან ფლავსაწურში.
  4. ღვიძლი არ უნდა იყოს ზედმეტად შემწვარი, გადახრაკული, წინააღმდეგ შემთხვევაში პაშტეტი მშრალი და უგემური გამოვა.
  5. ამრიგად დამზადებული პაშტეტის მასა ჩავდოთ ქვაბში, ნაწილ-ნაწილ ჩავაგდოთ 50-60 გრამი კარაქი და ხის კოვზით ვთქვიფოთ 15-20 წუთის განმავლობაში. შემდეგ ჩავდოთ ქილაში და გავაცივოთ.

გემრიელად მიირთვით.