აზიური წასახემსებლის 2 რეცეპტი, რომელიც მაღალ არტერიულ წნევას ამცირებს

354

მეცნიერები წლებია ამტკიცებენ, რომ კვებასა და ჩვენი გულის მუშაობას შორის პირდაპირი კავშირი არსებობს. ისინი არტერიული წნევის შემამცირებელ პროდუქტებს ასახელებენ. ერთ–ერთი მათგანია სუნომონო. პიკანტური იაპონური სალათი ჰიპერტონიკებისთვის სასარგებლოა. თუ მაღალი არტერიული წნევა გაწუხებთ, რაციონში ჩართეთ. კვირაში ერთხელ ასეთი სალათის მიღება საკმარისია, რომ გაუმჯობესება იგრძნოთ.

სალათი ჰიპერტონიკებისთვის: ყველაფერი კერძის შესახებ

ოსაკას უნივერსიტეტის მეცნიერებმა იაპონური წასახემსებელი, სუნომონო შეისწავლეს და აღმოაჩინეს, რომ 40 წელზე უფროსი ასაკის კაცებს, რომლებიც სუნომონოს ხშირად მიირთმევენ, მაღალი არტერიული წნევების ჩივილი შეუმცირდათ. მკვლევარების თქმით კიტრის და ცოტა ძმრის ნარევი გულის და სისხლძარღვების მუშაობას აწესრიგებს. Gastronomia.ge–ს რედაქცია გასწავლით, როგორ მოამზადოთ სასარგებლო იაპონური წასახემსებელი. 2 ვარიანტს გიზიარებთ.

1. კლასიკური რეცეპტი

ინგრედიენტები:

  • 3 კიტრი
  • 0,25 ჩ/კ მარილი
  • 3 ს/კ ბრინჯის ძმარი
  • 0,25 ჩ/კ სოიოს სოუსი
  • 1 ს/კ შაქარი
  • 1 ჩ/კ სეზამის თესლი

მომზადების წესი:

  1. კარგად გარეცხილი კიტრი თხელ ზოლებად დაჭერით. მარილი მოაყარეთ, აურიეთ და 10 წუთით გააჩერეთ.
  2. ბრინჯის ძმარი და სოიოს სოუსი პატარა ღრმა თასში აურიეთ. შაქარი დაუმატეთ და აურიეთ.
  3. კიტრის ზოლებს საკაზმი მოასხით. აურიეთ და სეზამი მოაყარეთ. მზადაა!

2. კიბორჩხალის ჩხირებით

ინგრედიენტები:

  • 2 კიტრი
  • 3 კიბორჩხალის ჩხირი
  • ნახევარი ბულგარული წიწაკა
  • ნორის პატარა ნაჭერი
  • 80 მლ ბრინჯის ძმარი
  • 40 მლ წყალი
  • 3 ს/კ სოიოს სოუსი
  • 1 ს/კ შაქარი
  • მწიკვი ჩილის წიწაკა
  • სეზამი გემოვნებით
  • მარილი გემოვნებით

მომზადების წესი:

  1. კარგად გარეცხილი კიტრი რგოლებად დაჭერით. მარილი მოაყარეთ, აურიეთ და 10 წუთით გააჩერეთ.
  2. პატარა თასში ბრინჯის ძმარი, წყალი, სოიოს სოუსი, შაქარი და ჩილის წიწაკა აურიეთ.
  3. კიბორჩხალის ჩხირები პატარა ნაჭრებად დაჭერით.
  4. გარეცხილი და თესლისგან გასუფთავებული ბულგარული წიწაკა თხელ ზოლებად დაჭერით, ნორი – წვრილად.
  5. ყველა ინგრედიენტი აურიეთ, პარკი დააფარეთ და 1 საათით მაცივარში შეინახეთ.
  6. ბოლოს მსუბუქად გაწურეთ. მოხალული სეზამის თესლი მოაყარეთ და მზადაა! შეგიძლიათ სუფრაზე გაიტანოთ!

მარტივი იაპონური სალათი კვირაში ერთხელ მაინც მოამზადეთ და თქვენი გულ–სისხლძარღვთა სისტემა უფრო გამართულად იმუშავებს!