“პონჩიკი” საბჭოთა კავშირის დროინდელი ბავშვობიდან. გემო, რომელიც ბედნიერ წუთებს გვახსენებს

3262

“პონჩიკი”, იგივე დონატი, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული საკონდიტრო ნაწარმია. მიუხედავად ძალიან მაღალი კალორიულობისა და მასში შემავალი დიდი რაოდენობით ცხიმებისა, დონატი სარგებლობს დიდი პოპულარობით აბსოლიტურად ყველა ასაკისა და კატეგორიის მყიდველში.

იცოდით, რომ აშშ-ში აღნიშნავენ დონატის ეროვნულ დღეს ყოველი ივნისის პირველ კვირა დღეს? ამ ტრადიციას საფუძველი 1938 წელს ჩაეყარა, იმ მოხალისეების საპატივცემულოდ, რომლებიც პირველი მსოფლიო ომის დროს ჯარისკაცებს დონატებით უმასპინძლდებოდნენ. ამ დღეს საკონდიტრო დაწესებულებების უმრავლესობა აშშ-ში მყიდველს დონატებით სრულიად უფასოდ უმასპინძლდება.

დონატი, რომელსაც ჩვენს ბავშვობაში “პონჩიკის” სახელწოდებით ვიცნობდით და ყველას ასე ძალიან გვიყვარდა, მარტივად შეგიძლიათ მოამზადოთ დამოუკიდებლად. ჩაინიშნეთ რეცეპტი, რომელსაც დღევანდელ სტატიაში გთავაზობთ და გაუმასპინძლდით ოჯახის წევრებს უგემრიელესი დონატებით. ყველა კმაყოფილი და ბედნიერი იქნება!

ძალიან გემრიელი დონატები საკუთარი ხელით

ინგრედიენტები:

  • 500 მლ რძე
  • 125 გრამი კარაქი ან მარგანინი
  • 2 კვერცხი
  • 75 გრამი შაქარი
  • 11 გრამი (მთლიანი შეფუთვა) მშრალი საფუარი
  • 600 გრამი ფქვილი
  • 1,5 ჩ.კ. მარილი
  • ნახევარი ჩაის ჭიქა თბილი წყალი
  • ვანილი სურვილისამებრ

მომზადება:

1. შეურიეთ ერთმანეთში წყალი და რძე. ოდნავ შეათბეთ.

2. გახსენით გამთბარ ნარევში საფუარი და შემდეგ დაამატეთ შაქარი.

3. კარგად გადაურიეთ. დააყოვნეთ ის რამდენიმე წუთით.

4. მიღებულ ნარევში ჩაამატეთ კვერცხი, კარაქი, მარილი და პილპილი. კარგად ათქვიფეთ.

5. როდესაც ერთგვაროვან მასას მიიღებთ, შეუდექით ეტაპობრივად ფქვილის დამატებას, აუცილებლად მუდმივი მორევის პირობებში.

6. ფქვილის ბოლო ულუფის დამატების შემდეგ გადმოიტანეთ მასა მყარ ზედაპირზე, რომელზეც მცირეოდენი ფქვილი გაქვთ მობნეული. კარგად ამუშავეთ ის ხელებით რამდენიმე წუთის განმავლობაში. მიღებული ცომი აუცილებლად უნდა იყოს ძალიან რბილი – სწორედ ესაა გემრიელი დონატების საიდუმლო.

7. ცომის კარგად დამუშავების შემდეგ მოათავსეთ ის ღრმა ჭურჭელში, გადააფარეთ სტრეჩი (საკვების პლიონკა) და დააყოვნეთ თბილ ადგილზე 1,5 საათით. ამ დროში ცომის გუნდა მოცულობაში დაახლოებით 2-ჯერ უნდა გაიზარდოს.

8. მზა ცომი დაყავით თანაბარ ნაჭრებად და მიეცით მათ ბურთის ფორმა. საცხობ ქაღალდს შეაზილეთ მცირეოდენი მცენარეული ზეთი და განათავსეთ მასზე ცომის ბურთები. დააყოვნეთ კიდევ 20 წუთით.

9. თითოეულ ბურთს გაუკეთეთ ხვრელი (ისე, როგორც ფოტოზეა ნაჩვენები) და მიეცით მათ დონატის ფორმა.

10. კარგად გაცხელებულ დიდი რაოდენობით ზეთში ჩაალაგეთ დონატები ისე, რომ მათ შორის გარკვეული სივრცე იყოს დატოვებული (ზეთი უნდა აიღოთ იმ რაოდენობით, რომ მასში დონატები ტივტივებდეს). როდესაც ჩვენი “პონჩიკები” ერთი მხრიდან დაიბრაწება, ფრთხილად გადააბრუნეთ.

11. გამზადებული დონატები გადმოიტანეთ ქაღალდის ხელსახოცზე. სურვილისამებრ, მოაყარეთ მათ ზემოდან პუდრი.

უგემრიელესი დონატები, რომლებიც ბავშვობას გაგახსენებთ, მზად არის! როგორც ხედავთ, ამ რეცეპტში რთული არაფერია. აუცილებლად ცადეთ საკუთარი ხელით ძალიან გემრიელი და არომატული დონატების მომზადება. პირობას გაძლევთ, იმედები არ გაგიცრუვდებათ. ასევე არ დაგავიწყდეთ სტატიის გაზიარება მეგობრებისთვის, რომელთაც სამზარეულოში ტრიალი ძალიან უყვართ.