ვაფლის გრილიაჟი თაფლით და ნიგოზით-ბავშვობის საყვარელი დესერტი გამოცხობის გარეშე

2576

გასტრონომია დღეს ბავშვობის ტკბილ გემოს გაგახსენებთ. ეს არის დესერტი ბევრი ნიგოზით და თაფლით, რომელსაც გამოცხობა არ სჭირდება. ამასთან არის ძალიან მარტივი და ხელმისაწვდომი ინგრედიენტებით მომზადებული.

მოდით ერთად მოვამზადოთ  ბავშვობის საყვარელი დესერტი.

ინგრედიენტები:

  • 1 ჭიქა თაფლი
  • 1 ჭიქა შაქარი
  • 250 გ კარაქი
  • 2 ჭიქა ნიგოზი
  • 6-7 ვაფლის ფირფიტა
  • 150 გ ნამცხვარი
  • მწიკვი მარილი

მომზადების წესი:

  1. ნამცხვარი დააქუცმაცეთ. ნიგოზი გაატარეთ ხორცისაკეპ მანქანაში.
  2. ოდნავ სქელ ქვაბში ნელ ცეცხლზე გაადნეთ კარაქი, დაუმატეთ შაქარი, თაფლი, თან მუდმივად ურიეთ სანამ ერთგვაროვან მასას არ მიიღებთ.
  3. დაუმატეთ ქვაბში დაქუცმაცებული ნამცხვარი, ვანილი და გატარებული ნიგოზი. მოურიეთ და გადმოდგით ცეცხლიდან.
  4. წაუსვით ვაფლის ფირფიტებს რიგრიგობით მიღებული მასა და დააწყვეთ ერთმანეთზე. დააყოვნეთ ნამცხვარი 40 წუთით, რომ შიგთავსი კარგად გაუჯდეს. ამის შემდეგ კი შეგიძლიათ მოამზადოთ ჩაი ან ყავა და გემრიელად მიირთვათ!

რჩევა: ნიგოზი შეგიძლიათ თხილით ჩაანაცვლოთ, ან თუნდაც ორივე ერთად გამოიყენოთ გულსართში, ასე დესერტს კიდევ უფრო მეტად გაამრავალფეროვნებთ.