ნივრით კერძების შეზავება შეიძლება ქართული სამზარეულოს ერთ-ერთ გამოკვეთილ ნიშნად ჩაითვალოს. ამ ბოსტნეულს ცხელ თუ ცივ კერძებში ხშირად შეხვდებით. განსაკუთრებით ხშირად გამოიყენება ნიორი სხვადასხვა სოუსსა თუ საწებელში, რომელშიც ფრინველის ან საქონლის ხორცს დებენ.
მისი რეცეპტი კი ასეთია:
მასალა:
- ქათალი – 1 ცალი
- ნიორი – 2 კბილი
- ზეთი – 80 მლ (ქათმის შესაწვავად)
- წყალი – 200 მლ
- მარილი გემოვნებით
მომზადების წესი:
- შუაზე გაჭერით ქათამი მკერდის მხრიდან და ბოლომდე გადაშალეთ. კარგად გაამშრალეთ, შეაზილეთ მარილი და შეწვით (ტაბაკად) გახურებულ ზეთიან ტაფაზე. ჯერ მაღალ ცეცხლზე დაბრაწეთ კანის მხრიდან 5-6 წუთის განმავლობაში, შემდეგ დაუწიეთ ცეცხლს და კიდევ 5-6 წუთს გააჩერეთ. გადაატრიალეთ ქათამი და ახლა მეორე მხრიდან შეწვით 12-16 წთ. კარგად რომ დაიბრაწოს, აუცილებლად დაადეთ ქათამს სიმძიმე (ან შეწვით პრესიან ტაფაზე).
- ორივე მხრიდან კარგად რომ შეიწვება, ქათამი გადმოიღეთ ცალკე ჭურჭელში და ნამწვავიანი ტაფა დაბალ ცეცხლზე დატოვეთ.
- თასში ჩაყარეთ დაჭყლეტილი ნიორი, მარილი და დაამატეთ 200 მლ ადუღებული წყალი. ნიორწყალი ჩაასხით ნამწვავიან ტაფაში და მოურიეთ, რომ ქათმის ნამწვავი კარგად გაიხსნას.
- მიღებული სოუსი მოასხით ქათამს და სუფრასთან სასურველი ჭურჭლით მიიტანეთ.