ვაზის ფოთოლში გახვეული ტოლმა – საუკეთესო რეცეპტი

3367

ტოლმა ვაზის ფოთოლში ტოლმის ერთ-ერთი უგემრიელესი ნაირსახეობაა. ვაზის ფოთლების მომჟავო გემო ტოლმას განუმეორებელ არომატს აძლევს. მომზადეთ სიამოვნებით და დაამშვენეთ თქვენი სადღესასწაულო თუ ყოველდღიური სუფრა.

ინგრედიენტები:

  • ცხვრის ხორცი – 1 კგ
  • ბრინჯი – 200-250 გ
  • ხახვი -200 გ
  • ტყემალი 150-200 გ
  • ახალი ქინძი, კამა, ოხრახუში, პიტნა 20-20 გ
  • ნიორი – 4-5 კბილი
  • ვაზის ფოთოლი დაახლოებით 500 გ
  • მაწონი ან არაჟანი 1,5-2 ჩაის ჭიქა
  • მარილი, პილპილი, შაქარი და დარიჩინი გემოვნებით

მომზადების წესი:

  1. ავიღოთ ცხვრის ხორცი, გავრეცხოთ, დავჭრათ და ორჯერ გავატაროთ ხორცსაკეპში.

2. დავამატოთ ცოტა ცივი წყალი, რათა ხორცი ძალიან მშრალი არ გამოვიდეს, შემდეგ წინასწარ მოშუშული, წვრილად დაჭრილი ხახვი, წვრილად დაჭრილი ახალი ქინძი, კამა, ოხრახუში და პიტნა.

3. შევაზავოთ ნივრით, მარილით და შავი პილპილით.

4. ბოლოს მივუმატოთ წინასწარ მომზადებული, ნახევრად მოხარშული (მოწალული) ბრინჯი და ყველაფერი ეს კარგად ავზილოთ ერთმანეთში.

5. ვაზის ქორფა ფოთლები გავარჩიოთ, მოვაჭრათ ყუნწები, გავთუთქოთ მდუღარე წყალში და დავწუროთ საწურზე. ვაზის ფოთოლში სათითაოდ შევახვიოთ გამზადებული ხორცი.

6. მივცეთ ოვალური ფორმა.

7. გამზადებული ტოლმები ჩავაწყოთ ღრმა ქვაბში ერთ ფენად. ზევიდან მოვაწყოთ ცხვრის დაჭრილი ძვლები და ახალი ტყემალი. შემდეგ ისევ ტოლმები და ა.შ. ბოლო ფენად დავაფაროთ ვაზის ფოთლები.

8. მოვაყაროთ მარილი და დავასხათ წყალი ისე, რომ ტოლმები დაიფაროს. დავაფაროთ ქვაბს თავსახური და დავდგათ მოსახარშად.

9. როცა ხორცი მოიხარშება გადმოვდგათ ცეცხლიდან და ცხლად მივიტანოთ სუფრაზე.

10. ცალკე მივიტანოთ გაწურული მაწონი ან არაჟანი და შაქრით შეზავებული დაფქული დარიჩინი.