დღესდღეობით ინტერნეტ სივრცე სავსეა არაერთი ნამდვილად კარგი კულინარიული რეცეპტით. იმ შემთხვევაშიც კი, თუ თქვენ გამოცდილი მზარეული არ ხართ, ნებისმიერი კერძის მომზადებას არაჩვეულებრივად გაართმევთ თავს, თუ მარტივ ინსტრუქციას დაიცავთ და მას დეტალურად მიჰყვებით.
დღევანდელ სტატიაში მსურს, გასწავლოთ ხახვის ძალიან გემრიელი პეროგის მომზადება, რომელიც თავად საკმაოდ ცნობილი მზარეულისგან, ოლგა მატვეისგან ვისწავლე. მისი “YouTube” არხი, რომელიც სამზარეულოსა და კულიარიას ეხება, ძალიან ბევრ საინტერესო რეცეპტს გვთავაზობს.
ხახვის პეროგი
სანამ უშუალოდ რეცეპტს შემოგთავაზებთ, მინდა გითხრათ, რომ ხახვის პეროგი საკმაოდ მარტივად მზადდება, გამოდის ძალიან გემრიელი და არომატული. იმ ადამიანებსაც კი, რომელთაც ხახვის ატანა არ აქვთ, ეს კერძი აუცილებლად მოეწონებათ.
ინგრედიენტები:
- 300 გრამი ფქვილი
- 200 გრამი კარაქი ან მარგარინი
- 6 ს.კ. არაჟანი (ცხიმიანობა მინიმუმ 20%-იანი)
- 1 ჩ.კ. სოდა, გაღვივებული ძმრის რამდენიმე წვეთით
- 4 მდნარი ყველი
- 6 საშუალო ზომის თავი ხახვი
- 4 კვერცხი
- მწვანილები, მარილი და პილპილი გემოვნებით
მომზადება:
1. აიღეთ ღრმა ჭურჭელი და ჩაყარეთ ფქვილი, მოახეხეთ ზემოდან კარაქი ან მარგანინი და კარგად აზილეთ. კარაქი უნდა გამოიღოთ მაცივრიდან უშუალოდ მისი გახეხვის წინ, ის არ უნდა იყოს დარბილებული და დამდნარი.
2. ზილეთ ფქვილი და კარაქი ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.
3. ნარევში ჩაამატეთ არაჟანი და ძმრის 1 ან 2 წვეთით გაღვივებული 1 ჩაის კოვზი სოდა, მოაყარეთ მარილი.
4. ამოიყვანეთ ცომი, ჭურჭელს გადააკარით სტრეჩი (საკვების პლიონკა) და დააყოვნეთ მაცივარში რამდენიმე საათით, უმჯობესია, მთელი ღამით.
5. დაიწყეთ შიგთავსის მზადება: ხახვი დაჭერით წვრილად, ჩაყარეთ გაცხელებულ ტაფაში. გაითვალისწინეთ, ხახვი არა უნდა შეიწვას, არამედ მსუბუქად მოითუშოს, ამიტომ ტაფა დადგით ძალიან დაბალ ცეცხლზე და მუდმივად ურიეთ. ხახვს ტაფაშივე მოაყარეთ მარილი და პილპილი ან თქვენი საყვარელი ნებისმიერი სანელებელი.
6. კარგათ ათქვიფეთ კვერცხი, ჩაამატეთ მასში მწვანილები (მაგ: ქინძი, ოხრახუში) და მოაყარეთ მარილი.
7. მოთუშული, გამზადებული ხახვი გადაიტანეთ ცალკე ჭურჭელში, ჩაამატეთ მდნარი ყველი და კარგად აზილეთ. კვერცხისა და მწვანილების მასა გააერთიანეთ ხახვისა და ყველი ნარევთან, კიდევ ერთხელ კარგად გადაურიეთ.
8. მოიმარჯვეთ საცხობი ფორმა, შეაზილეთ მას ფსკერზე და კედლებზე მცირეოდენი მზესუმზირის ზეთი.
9. გამოიღეთ ცომი მაცივრიდან, ხელებით მსუბუქად დაამუშავეთ და გაყავით სამ თანაბარ ნაწილად. ცომის ერთი ნაწილი შეინახეთ ზედა ფენისთვის, ხოლო დარჩენილი ორი ნაწილი გააერთიანეთ, კარგად გააბრტყტელეთ და ჩააფინეთ ფორმაში.
10. მოათავსეთ მასში მზა შიგთავსი.
11. შემონახული 1/3 ცომი კარგად გააბრტყელეთ, დააფინეთ ზემოდან შიგთავსს და კარგად შეუკარით კუთხეები. სურვილისამებრ, პეროგს ზემოდან შეგიძლიათ შეაზილოთ კვერცხი, თუმცა გამოცხობის დამთავრებამდე მხოლოდ 5 წუთით ადრე.
12. 160-170 გრადუსამდე გაცხელებულ ღუმელში აცხვეთ პეროგი 25-30 წუთის განმავლობაში.
13. როდესაც კერძს ღუმელიდან გამოიღებთ, ნუ იჩქარებთ მის დაგემოვნებას, მიეცით მცირე დრო გასაგრილებლად. ცხელი პეროგის გაჭრა არ შეიძლება.
14. გემრიელად მიირთვით!
როგორც უკვე გითხარით, ხახვის ეს პეროგი ძალიან გემრიელი გამოდის, რაშიც თავად დარწმუნდებით, თუ მის მომზადებას ცდით.
თუ მოგეწონათ რეცეპტი, აუცილებლად გაუზიარეთ ის მეგობრებსაც!
აქვე გთავაზობთ ვიდეოს ხახვის პეროგის მომზადების დეტალური ინსტრუქციით: