ყველაზე გემრიელი ქართული ნუგბარის მარტივი რეცეპტი, რომლის გემოც არასოდეს დაგავიწყდებათ

1620

გოზინაყი ტრადიციული ქართული ტკბილეულია. ის საახალწლოდ სხვადასხვა თხილეულისა და თაფლის გამოყენებით მზადდება და სარიტუალო მნიშვნელობა აქვს. გოზინაყი სიუხვის, ბედნიერების სიმბოლოა, რომლითაც ახალი წლის დადგომისას ოჯახის წევრები ერთმანეთს უმასპინძლდებიან – “ტკბილად დააბერებენ”, ანუ სიბერემდე ტკბილ ცხოვრებას  უსურვებენ ხოლმე.

ინგრედიენტები:

  • ნიგოზი – 500 გ (დაჭრილი თხელ ფანტელებად)
  • თაფლი – 230 გ (სასურველია ყვავილის თაფლი)
  • შაქარი – 40 გ

მომზადების წესი:

  1. თაფლი ჩაასხით სქელძირიან ქვაბში და მიიყვანეთ ადუღებამდე, შემდეგ გადმოიღეთ ცეცხლიდან და დადგით გრილ ადგილას. კარგად რომ გაცივდება, ისევ შემოდგით დაბალ ცეცხლზე და კვლავ მიიყვანეთ ადუღებამდე. მეორედაც გააცივეთ და ისევ ცეცხლზე დააბრუნეთ. ამჯერად აადუღეთ.
  2. ადუღებულ თაფლში ჩაყარეთ დაჭრილი ნიგოზი და შუშეთ 5-7 წუთის განმავლობაში, რომ კარგად გაოქროსფერდეს, თან განუწყვეტლივ ურიეთ. დაამატეთ შაქარი და 2-3 წუთს კვლავ გააგრძელეთ მოშუშვა.
  3. გამზადებული მასა გადაიტანეთ წყლით ოდნავ დასველებულ ხის დაფაზე და ხის საბრტყელებლით თხელ ფენად გააბრტყელეთ. თანაბრად გაბრტყელების შემდეგ დაჭერით გოზინაყი რომბებად.

რჩევა: ამავე რეცეპტით შეგიძლიათ მოამზადოთ თხილის, ნუშის, მზესუმზირასა და მიწის თხილის  გოზინაყი.