ეს რეცეპტი მოხარშული კრემის მექსიკური ვარიანტია. სუფრაზე მიაქვთ სადილის შემდეგ, როგორც მსუბუქი და ელეგანტური დასასრული.
ინგრედიენტები:
- 3 ფინჯანი (750 მლ) რძე
- ვანილის ჩხირი
- 5 ფორთოხლის ცედრა
- 1 ფინჯანი (200 გ) შაქარი
- 90 მლ წყალი
- 60 მლ ტეკილა
- 4 დიდი კვერცხი + 4 დიდი კვერცხის გული
ულუფა: 6
მომზადება: 20 წუთი + 2-3 საათი გემოს გასაჯდომად და გასაცივებლად
ცხობა: 30-35 წუთი
დონე: 2
მომზადების წესი:
- ქვაბში ჩაასხით რძე, დაუმატეთ ვანილის ჩხირის შიგთავსი, ფორთოხლის ცედრა და საშუალო ცეცხლზე შემოდგით, რომ ნელ-ნელა წამოდუღდეს. შემდეგ გადმოდგით და დატოვეთ 1-2 საათი, რათა გემო უკეთ გაუჯდეს (ღამით უმჯობესია მაცივარში დატოვოთ).
- გააცხელეთ ელექტროღუმელი 180 გრადუსზე, აირღუმელი დააყენეთ ნიშნულზე – 2.
- 180 მლ მოცულობის ექვს ყალიბს გამოავლეთ ცივი წყალი.
- კარამელის მოსამზადებლად 150 გ შაქრიანი წყალი და 2 სუფრის კოვზი ტეკილა ჩაასხით ქვაბში და დადგით ცეცხლზე. როცა შაქარი გადნება, ცეცხლს მოუმატეთ და ხარშეთ, სანამ მასა ნამდვილი კარამელის ფერს არ მიიღებს. დაუმატეთ კიდევ 2 ჩაის კოვზი ტეკილა და კარამელი ჩაასხით ყალიბებში.
- მიქსერით, საშუალო სიჩქარით, გათეთრებამდე ათქვიფეთ კვერცხები, კვერცხის გულები და დარჩენილი შაქარი, ვიდრე კრემის სისქისა არ გახდება.
- რძე აადუღეთ და ნელ-ნელა ჩაასხით გოგლიმოგლში. კრემი გაანაწილეთ ყალიბებში, ყალიბები კი მოათავსეთ ღრმა ტაფაში. ტაფაში იმდენი წყალი ჩაასხით, რომ ყალიბებს შუამდე მოადგეს.
- აცხვეთ 30-35 წუთი, ვიდრე მასა არ გამოცხვება, გული კი რბილი დარჩება.
- გააგრილეთ ოთახის ტემპერატურაზე, სუფრაზე მიტანამდე მოათავსეთ თეფშებზე.
აი, ასე მსუბუქად და ტკბილად შეგიძლიათ დაასრულოთ სადილი.