ხაჭაპურის საფუვრიანი ცომი ყველაზე ხშირად გამოიყენება არა მხოლოდ ხაჭაპურის, არამედ სხვა ღვეზელებისა და ცომეულის მოსამზადებლად. მიუხედავად სიმარტივისა ზუსტი დოზირების ცოდნა აქაც საჭიროა.
ინგრედიენტები:
- 1 კგ ფქვილი
- 3 კვერცხის გული
- 400 მლ რძე
- 100 მლ წყალი
- 100 გ კარაქი
- 30 მლ ზეთი
- 1 ჩ.კ. მარილი
- 2 ჩ.კ. მშრალი საფუარი
მომზადების წესი:
- ჯამში ჩაასხით თბილი რძე და დაუმატეთ წყალი.
- რძისა და წყლის ნარევში ჩაყარეთ საფუარი და კარგად გახსენით.
- გაადნეთ კარაქი ოღონდ არ აადუღოთ. რძეში გახსნილ საფუარს დაუმატეთ მარილი და გამდნარი კარაქი.
- გააცალკევეთ კვერცხის ცილა და გული, ცომს შეურიეთ კვერცხის გულები და სათქვეფლით კარგად აურიეთ.
- დააყარეთ გაცრილი ფქვილი და მოზილეთ ცომი. მოათავსეთ თასში, გადააფარეთ ტილო და დადგით ასაფუებლად.
- როცა ცომი აფუვდება, ჩაზილეთ ზეთიანი ხელებით, კვლავ გადააფარეთ ტილო და დადგით ასაფუებლად.
- როდესაც ცომი კიდევ ერთხელ აფუვდება, ამოიღეთ თასიდან.
- ცომი დაყავით 300-გრამიან გუნდებად.
- ჩადეთ სასურველი შიგთავსი, გააბრტყელეთ და გამოაცხვეთ.