საოცრად გემრიელი და სასარგებლო სატაცურის კრემ-სუპი

2315

ბაზილიკი წვნიანებს და კრემ-სუპებს განსაკუთრებულ არომატს და გემოს სძენს. ამიტომ როცა ხელთ გეგულებათ ის ყოველთვის დაამატეთ ნებისმიერ კერძს.

ბაზილიკი ევროპაში ფართოდ გავრცელებული სუნელია. იგივეა, რაც ჩვენებური რეჰანი (გურიაში შაშკვლავს ეძახიან), ოღონდ მწვანეფოთლებიანი ჯიში. აქვს სასიამოვნო სუნი და არომატი. ბაზილიკს იყენებენ პიცაში, ძალიან უხდება ბოსტნეულის კერძებს და სალათებსაც. მის გარეშე წარმოუდგენელია იტალიური სამზარეულო. გამოიყენება როგორც ნედლი, ისე გამშრალი სახით.

ახლა კი დავუბრუნდეთ ჩვენს არაჩვეულებრივ კრემ-სუპის  მომზადებას.

ინგრედიენტები:

  • 1-2 კონა სატაცური
  • 1 თავი ხახვი
  • 1 მოზრდილი კარტოფილი
  • 3-4 ს.კ გახეხილი ყველი
  • 2 ნაჭერი პური
  • ზეთი – მოსაშუშად
  • ნაღები ან არაჟანი
  • მარილი
  • პილპილი

კრუტონებისთვის:

  • 3-4 ნაჭერი პური
  • 2 ჩაის კოვზი ბაზილიკი
  • ზეითუნის ზეთი შესაწვავად

მომზადების წესი:

  1. სატაცური გარეცხეთ, მსხვილი, უხეში ღეროები მოაშორეთ და მომცრო ზომის ნაჭრებად დაჭერით. ხახვი გაასუფთავეთ და წვრილად დაჭერით. საშუალო ზომის ქვაბში ჩაასხით ცოტაოდენი ზეთი, ჩაყარეთ ხახვი და მოშუშეთ. 2-3 წუთის შემდეგ დაუმატეთ დაჭრილი სატაცური და ხახვთან ერთად გააგრძელეთ შუშვა.
  2. შემდეგ დაუმატეთ დაჭრილი კარტოფილი, მაშინვე დაასხით მდუღარე წყალი, ქვაბს დაახურეთ თავზე და საშუალო ცეცხლზე დატოვეთ კარტოფილის სრულ მოხარშვამდე. ამის შემდეგ გაზქურა გამორთეთ და წვნიანი ათქვიფეთ ხელის ბლენდერით. თუ მასა სქელია, დაასხით მდუღარე წყალი. ბოლოს წვნიანს გემოვნებით დაუმატეთ მარილი, პილპილი, სასურველი სანელებელი.
  3. წვნიანი გადაანაწილეთ თეფშებზე, მოასხით ცოტაოდენი ნაღები ან არაჟანი, მოაყარეთ კრუტონები და გახეხილი ყველი.
  4. კრუტონების მოსამზადებლად გამოიყენეთ ის დრო, როცა წვნიანი იხარშება. პურის ნაჭრები თანაბარი ზომის კუბებად დაჭერით ზემოთხსენებულ ტაფაზე დაბრაწეთ, თან ხმელი ბაზილიკი მოაყარეთ. შემდეგ სუფთა ხელსახოცზე გადაიტანეთ, რომ ზედმეტი ცხიმისგან დაიწრიტოს.

უგემრიელესი კრემ-სუპი მზადაა. გემრიელად მიირთვით მეგობრებთან ერთად და მათაც გაუზიარეთ ეს სასარგებლო რეცეპტი!