სულგუნი – (სულუგუნი) ყველის ერთ-ერთი სახეობაა, რომლის დამზადებით გამოირჩევიან მეგრელები და სვანები. მზადდება ძროხისა და კამეჩის რძისგან. დღეს უგემრიელეს სულგუნს მოვამზადებთ. აუცილებლად ჩაინიშნეთ ეს რეცეპტი.
სულგუნის მომზადება:
- ნასვრეტებიანი, უმარილო ყველი დავჭრათ თხელ გრძელ ნაჭრებად, ჩავყაროთ წინასწარ ადუღებულ რძეში ან წყალში, შევდგათ ცეცხლზე და ვურიოთ კოვზით. როცა ყველი დაიწყებს წელვას, გადმოვდგათ გადმოვიღოთ ღრმა თეფშზე და ვზილოთ 10-15 წუთი, შემდეგ ხელით გავათხელოთ, დავამრგვალოთ, მივცეთ სულუგუნის ფორმა, ბოლოს ორივე მხარეზე მოვაყაროთ ცოტა მარილი და დავდოთ თეფშზე.
- თუ სულუგუნი დიდი ხნით გვინდა შევინახოთ, მარილი მეტი უნდა მოვაყაროთ და ჩავაწყოთ სულუგუნის დიამეტრზე ცოტა მეტ და მაღალ თიხის ან მინის ქილაში.
გამხმარი სულუგუნი მზადდება ასე:
- ქილაში სულუგუნის ჩაწყობიდან 30-40 დღის შემდეგ გავსინჯოთ და თუ საკმაოდ მკვრივი აღმოჩნდება, ამოვიღოთ, გავხვრიტოთ შუა ადგილას, გავუყაროთ წვრილი თოკი და გავკიდოთ მზეზე. ასეთ მდგომარეობაში გვექნება, ვიდრე გარეთა ფენა არ გაუმაგრდება და მკრთალ მოყვითალო ფერს არ მიიღებს. შემდეგ ჩამოვხსნათ და შევინახოთ მშრალად.
- გახვრეტის ნაცვლად სულუგუნი შეიძლება ფიცარზე დავაწყოთ, მზეზე დავდგათ და ყოველდღე გადავაბრუნოთ.