ღუმელში გამომცხვარი თაფლიანი ბისკვიტი კეფირით რაღაც გენიალური მოფიქრებაა. ის ყველაზე ელემენტარული ინგრედიენტებიგან მზადდება, ჰაეროვანი გამოდის და თაფლის ნაზი გემო აქვს. მაღაზიაში კექსის და ფხვიერი ნამცხვრის შეძენა შეგიძლიათ დაივიწყოთ და თქვენს მიერ გამომცხვარი საოცარი თაფლოვანით ისიამოვნოთ. ხალხში სწორედ ასე უწოდებენ!
„გასტრონომია“ დიდებულ რეცეპტს გიზიარებთ, რომლის ათვისებაც ნამდვილად ღირს. ქვემოთ გიამბობთ, რომელი კრემები უხდება თაფლიან ბისკვიტს. მანამდე კი ნახეთ, როგორ მოამზადოთ თაფლიანი ბისკვიტი.
ღუმელში გამომცხვარი ბისკვიტი კეფირით
ინგრედიენტები:
- 2 კვერცხი
- 120 გრ თაფლი
- 120 მლ კეფირი
- 160 გრ ფქვილი
- 100 გრ ნიგოზი
- 50-100 გრ შაქარი
- 1 ჩ/კ სოდა
- ¼ ჩ/კ მარილი
როგორ მოვამზადოთ ბისკვიტი კეფირით
1. მოსახერხებელ თასში კვერცხი ათქვიფეთ და 50 გრ შაქარი დაუმატეთ. შეგიძლიათ 100 გრ შაქარი დაუმატოთ, თუ ტკბილი გიყვართ. მიქსერით 2-3 წუთით მოცულობის გაზრდამდე ათქვიფეთ.
2. ახლა თაფლი და სოდა დაუმატეთ. შენიშვნა: სჯობს თხევადი თაფლი გამოიყენოთ. თუ ასეთი არ გაქვთ, არსებული სქელი „გაადნეთ“. სოდის ჩაქრობა საჭირო არაა.
3. ყველაფერი კიდევ 1-2 წუთით ათქვიფეთ, შემდეგ კეფირი დაასხით, ფქვილი და დაქუცმაცებული ნიგოზი დაუმატეთ. როგორც საჭიროა, ცომი მოზილეთ.
4. შემდეგი ეტაპი: ღუმელი მოამზადეთ. აქ რთული არაფერია. საცხობი ფორმა (ჩვენ მრგვალი გვაქვს) აიღეთ, კარაქი წაუსვით, შემდეგ ცომი ჩაასხით, გაათანაბრეთ, რომ ლამაზი ფორმა ჰქონდეს.
5. თაფლიანი ბისკვიტი წინასწარ 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 40-45 წუთით აცხვეთ. მზადაა!
აქ საქმეს შეგიძლიათ მორჩეთ: ასეც კი მშვენიერია. თუ მას ნაჭრებად დაჭრით, ცოტა კარაქს წაუსვამთ, ეს უბრალოდ ჩაიზე მისაყოლებელი დიდებული დესერტი იქნება. აი, კიდევ რისი გაკეთება შეგიძლიათ.
ბისკვიტი კეფირით და კრემით
თაფლიანი ბისკვიტი სხვადასხვა კრემს შესანიშნავად ერწყმის. შეგიძლიათ მოხარშული კრემი გამოიყენოთ, მაგრამ ეს უკვე სხვა ოპერაა და უფრო ფუმფულა ტორტს უხდება. ჩვენ გირჩევთ დრო არ დახარჯოთ და მაქსიმალურად სწრაფი და მარტივი შიგთავსი გამოიყენოთ. არაჟნის კრემი ყველაზე ოპტიმალური ვარიანტია. ასევე შეგიძლიათ შესქელებული რძე გამოიყენოთ.
არაჟნის კრემის ინგრედიენტები:
- 200 გრ ცხიმიანი, უმჟავო არაჟანი (30% მეტი)
- ¼ ჭიქა შაქრის ფხვნილი
- 1 ჩ/კ ვანილის შაქარი
ყველაფერი, რაც გჭირდებათ, ყველა ინგრედიენტი ერთგვაროვანი მასის მიღებამდე ათქვიფეთ. რამდენიმე დეტალი: არაჟანი მომზადების წინ გააგრილეთ, შაქრის ნაცვლად შაქრის ფხვნილი გამოიყენეთ, რადგან ის სწრაფად დნება. კრემს დიდხანს ათქვეფა არ სჭირდება. როგორც კი შეამჩნევთ, რომ თანაბარი გახდა, საკმარისია.
ასეთი ბისკვიტი უკვე ნაზი და რბილია, შეგიძლიათ მის გაჟღენთვას არ დაელოდოთ. უბრალოდ ორად გაჭერით. გადანაჭერს კრემი წაუსვით და კვლავ შეაერთეთ. მზადაა! თუ თვლით, რომ რამდენიმე საათით მაცივარში გაჩერება ზედმეტი არ იქნება, ასე გააკეთეთ. გემრიელად მიირთვით!