Gastronomia.ge–ს რედაქცია გთავაზობთ შოკოლადის ტორტის რეცეპტს, რომელიც არა მხოლოდ სადღესასწაულო სუფრას, არამედ შინაურულ ჩაის სმას დაამშვენებს.
ბისკვიტის ინგრედიენტები:
- 3 ჭიქა შაქარი
- 50 გრ კაკაო
- 5 კვერცხი
- ¾ შეკვრა კარაქი
- 1 პაკეტი ვანილის შაქარი
- 1,5 ჩ/კ სოდა
- დაახლოებით 3 ჭიქა ფქვილი
- 700 მლ კეფირი
- ნებისმიერი ხილის ლიქიორი ან სიროფი
კრემის ინგრედიენტები:
- 2 ქილა მოხარშული შესქელებული რძე
- 1 შეკვრა კარაქი
მომზადების წესი:
- 3 ჭიქა შაქარი და 1 შეკვრა კაკაო აურიეთ, 5 კვერცხი დაუმატეთ და ერთგვაროვანი მასის მიღებამდე აურიეთ.
- კარაქი გაადნეთ და თბილი (არა ცხელი!) კარაქი შოკოლადის ნარევს დაასხით, აურიეთ.
- ვანილის შაქარი დაუმატეთ, აურიეთ და კეფირი დაასხით.
- 1,5 ჩ/კ სოდა ძმარში ჩააქრეთ და იმწამსვე ცომს დაუმატეთ. სწრაფად აურიეთ.
- დაუყონებლივ ფქვილი დაუმატეთ და ერთგვაროვანი მასის მიღებამდე აურიეთ.
- ოლადების ან სქელი არაჟნის მსგავსი ცომი უნდა მიიღოთ. თუ ფქვილი არ გეყოფათ, ცოტ–ცოტა დაუმატეთ.
- საცხობ ფორმას ქაღალდი დააფინეთ და ზეთი წაუსვით. 10 დიდი სუფრის კოვზი ცომი ჩაასხით.
- 180 გრადუსზე 30 წუთით აცხვეთ. კბილის ჩხირით მზაობა შეამოწმეთ (ცენტრში კბილის ჩხირი ჩაარჭეთ. თუ კბილის ჩხირი მშრალია, ბისკვიტი მზადაა).
- ამ მეთოდით ბისკვიტის ყველა ფენა გამოაცხვეთ და მთლიანად გააგრილეთ, შემდეგ ლიქიორით ან სიროფით გაჟღინთეთ.
- კრემისთვის კარაქი შესქელებულ რძესთან ერთად ათქვიფეთ (შესქელებული რძე სუფრის კოვზობით დაუმატეთ – ყოველი დამატების შემდეგ კარგად ათქვიფეთ). მთლიანად შესქელებული რძე არ დაუმატოთ, რადგან კრემი თხევადი გამოვა.
- როგორც კი, ყველა ბისკვიტის ფენა გაგრილდება, თითოეულ ფენას კრემი წაუსვით და ტორტი ააწყვეთ.
- ერთი ფენა გასაფორმებლად დატოვეთ და დაფშვენით. ასევე შეგიძლიათ კრემის წასმამდე თითოეულ ფენას კუთხეები ჩამოაჭრათ და დაფშვნათ.
- ტორტს ზემოდან და გვერდებზე ნაფშვენი მოაყარეთ.
- მაცივარში მინიმუმ 4 საათით, უმჯობესია მთელი ღამე გააჩეროთ. ამის შემდეგ შეგიძლიათ სუფრაზე გაიტანოთ. გემრიელად მიირთვით!