ბორში მჟაუნით, როგორც მაისის მთავარი კერძი. მთელი ოჯახი დანაყრებულია

273

გაზაფხულის დადგომასთან ერთად სუფრაზე სულ უფრო მეტი მწვანილი ჩნდება. ორგანიზმს ახალი ვიტამინები მოენატრა, ამიტომ სალათებს გულმოდგინედ ვამზადებთ და წვნიანს ვუმატებთ ყველაფერს, რამაც ნაკვეთზე გაზრდა მოასწრო.

რომელ კერძებს ანიჭებთ უპირატესობას გაზაფხულის ბოლო თვეს? სალათი ბოლოკით, მწვანილით და არაჟნით თუ ღვეზელი კვერცხით და მწვანე ხახვით? რას იტყვით სალათზე ღანძილით? იქნებ მწვანე ბორში?

Gastronomia.ge–ს რედაქცია გიამბობთ, როგორ მოამზადოთ ბორში მჟაუნით. ასეთი მწვანე ბორში ნებისმიერ სტუმარს ვიტამინების დიდი ულუფით გაახარებს. კერძი იმდენად გემრიელია, რომ გულგრილს არავის დატოვებს.

ბორში მჟაუნით

ინგრედიენტები:

  • 1 კგ კარტოფილი
  • 1 კგ ქათმის ხორცი (სხვა ხორციც შეიძლება)
  • 300 გ მჟაუნა
  • 1 სტაფილო
  • 1 ხახვი
  • 5 კვერცხი
  • 500 მლ სახლის პომიდორი
  • 1 ს/კ შაქარი
  • მცენარეული ზეთი შესაწვავად
  • მარილი და წიწაკა გემოვნებით
  • ოხრახუში, მწვანე ხახვი და კამა

მომზადების წესი:

1. პირველ რიგში, ქათმის ხორცი დაჭერით, ქვაბში მოათავსეთ, წყალი დაასხით და ბორშისთვის ბულიონი მოხარშეთ. როცა ადუღდება, ქაფი მოხადეთ. ბულიონის მოხარშვას 1 საათი სჭირდება.

2. ამ დროში ბოსტნეული შეწვით. ხახვი წვრილად დაჭერით, სტაფილო მსხვილად გახეხეთ. რამდენიმე კოვზი მცენარეული ზეთი ტაფაზე დაასხით და ხახვი დარბილებამდე შეწვით. სტაფილო დაუმატეთ და შეწვით. მორევა არ დაგავიწყდეთ, რომ ბოსტნეული არ დაიწვას და თანაბრად შეიწვას.

3. თუ სახლის პომიდორი არ გაქვთ, 2–3 ს/კ პომიდვრის პასტა 500 მლ მდუღარე წყალში გააზავეთ. ასევე 500 გ ახალი პომიდორი (ხორცსაკეპში გატარებული) შეგიძლიათ გამოიყენოთ. ნებისმიერ შემთხვევაში, პომიდორი სტაფილოს დაუმატეთ და 10 წუთით ჩაშუშეთ, რომ ზედმეტი სითხე აორთქლდეს. წიწაკა, მარილი და შაქარი დაუმატეთ.

4. კვერცხი 10 წუთი ხარშეთ, გააგრილეთ და კუბებად დაჭერით. კარტოფილი საშუალო ზომის კუბებად დაჭერით, შემდეგ ბულიონს დაუმატეთ და 15 წუთი ხარშეთ.

5. სანამ კარტოფილი იხარშება, მჟაუნა, კამა და მწვანე ხახვი წვრილად დაჭერით.

6. როცა კარტოფილი მოიხარშება, შემწვარი ბოსტნეული დაუმატეთ და აურიეთ. ჯერ მჟაუნა დაუმატეთ, შემდეგ მოხარშული კვერცხი, შემდეგ დარჩენილი მწვანილი. მარილი და წიწაკა გემოვნებით დაუმატეთ. აურიეთ და კიდევ 2 წუთით ხარშეთ. მზადაა.

7. ბორშის თითოეულ თეფშს კოვზი არაჟანი დაუმატეთ. ასეთი ბორში სიმჟავით წლის ნებისმიერ დროს შეგიძლიათ მოამზადოთ, მაგრამ მაისში განსაკუთრებით გემრიელია. გემრიელად მიირთვით!

ინგრედიენტების მითითებული რაოდენობით 6 ლ ბორში გამოდის. მთელ ოჯახს უპრობლემოდ დაანაყრებთ. მშიერი არავინ დარჩება. სცადეთ და მწვანე ბორში მჟაუნით ამ რეცეპტით მოამზადეთ.