ხაჭოს ბურთულები მარწყვის შიგთავსით ცხობის გარეშე

1445

გემრიელი მარწყვის ბურთულების მოსამზადებლად მხოლოდ 20 წუთია საჭირო, მას არ სჭირდება გამოცხობა და დიასახლისების კულინარიულ წიგნში ერთ-ერთი ფავორიტია.

მარწყვის დესერტი გამოცხობის გარეშე

დღეს ჩვენი რედაქცია გასწავლით, როგორ მოამზადოთ არომატული, საზაფხულო ტკბილეული ხაჭოსა და მარწყვისგან, რომელსაც გამოცხობა არ სჭირდება. ეს საუკეთესო დესერტია ცხელ ზაფხულში, რომლითაც გაუმასპინძლდებით ახლობლებსა და მეგობრებს.

ნუ იყიდით ზედმეტად პრიალა და იდეალურ მარწყვს, რადგან იგი ქარხნულადაა დამუშავებული და აუცილებლად შეიცავს უამრავ მავნე ნივთიერებას. მარწყვი უნდა იყოს მშრალი და ჰქონდეს ბუნებრივი ფერი და ვიზუალი, ხოლო მისი ფოთლები უნდა იყოს ძალიან მწვანე.

ინგრედიენტები

  • 200 გრ ფხვიერი ორცხობილა
  • 90 გრკარაქი
  • 150 გრ სახლის ხაჭო
  • 200 გრ პატარა ზომის მარწყვი
  • 2 ს.კ. შაქრის პუდრი(თუ ორცხობილა ძალიან ტკბილი არ არის)
  • 50 გრ ქოქოსის ფანტელი
  • მწიკვი ვანილი

მომზადების წესი

1. დაფშვენით ორცხობილა. შეურიეთ ხაჭო, ვანილი და გამდნარი კარაქი. თუ მასა არ არის საკმარისად ტკბილი, დაუმატეთ შაქრის პუდრი. მიღებული ცომი არ უნდა ეწებებოდეს.

2. მარწყვი (სასურველია თანაბარი ზომის) გარეცხეთ და მოაშორეთ ფოთლები. დატოვეთ კენკრა სუფთა ჰაერზე, რათა ბოლომდე გაშრეს.

3. აიღეთ ცომის პატარა ნაჭერი (0,5 სმ სისქის) და გააბრტყელეთ, შუაგულში მოათავსეთ მარწყვი, შემდეგ კი ცომი ბურთივით დაამრგვალეთ.

4. თითოეული ბურთულა ამოავლეთ ქოქოსის ფანტელში, თუ ქოქოსის ფანტელი არ გაქვთ, გამოიყენეთ დაფშვნილი ორცხობილა ან მიწისთხილი.

5. ხაჭოს ბურთულები შეინახეთ მაცივარში 10 წუთი.

გემრიელად მიირთვით!