ხაბიძგინა ცნობილი ოსური ხაჭაპურია. ის მთელს საქართველოშია პოპულარული. ეს არის კერძი, რომლის მომზადებაც საკმაოდ მარტივია, რადგან ის ინგრედიენტები რაც მოსამზადებლად გვჭირდება, ადვილად იშოვება. ეს რეცეპტი, რომელსაც ახლა გთავაზობთ, ჩემი ოსი ბებიისგან დამრჩა სახსოვრად. მინდა თქვენც გაგიზიაროთ…
ინგრედიენტები:
ცომი
- 500 მლ წყალი
- 1 ს.კ. შაქარი
- 1,5 ჩ.კ. მარილი
- 1 ს.კ. საფუარი
- 100 მლ ზეთი
- 1 კგ ფქვილი
გულსართი
- 1 კგ კარტოფილი
- 0,5 კგ ახალი, ცხიმიანი ყველი
- 150 გ ერბო
მომზადების წესი:
- 2-3 ჭიქა ფქვილში შევურიოთ მშრალი საფუარი. თბილ წყალში გავხსნათ მარილი და შაქარი, დავასხათ საფუვრიან მასას და კარგად მოვურიოთ. თანდათანობით ვუმატოთ ფქვილი, შევაზილოთ ზეთი და დავდგათ ასაფუებლად. უნდა მივიღოთ ნაზი ცომი.
- საშუალო ზომის კარტოფილები კანიანად მოვხარშოთ და გავფცქვნათ. ხორცსაკეპ მანქანაში გავატაროთ ჯერ ყველი, შემდეგ კარტოფილი, შევურიოთ ერბო, მარილი და კარგად ავზილოთ.
- ცომისა და გულსართისგან თანაბარი ზომის გუნდები მოვამზადოთ. ცომი ოდნავ გავაბრტყელოთ, ზედ მოვათავსოთ გულსართი, შევკრათ და გავაბრტყელოთ. ხაბიძგინები გაცხელებულ ტაფაზე ორივე მხრიდან გამოვაცხოთ. მეორე მხარეს რომ გადმოვატრიალებთ, ერბო წავუსვათ.
- სუფრასთან მიტანის წინ ცხელ-ცხელი ხაბიძგინები თანაბარი ზომის ნაჭრებად დავჭრათ.
გემრიელად მიირთვით!