უკვე არაერთხელ დავრწმუნდი, რომ არ უნდა დაივიწყო ბავშვობიდან კარგად ნაცნობი და საყვარელი გემოები. და თუ რაიმე სიახლეები გსურს, უბრალოდ დაამატე ახალი შტრიხები რეცეპტში და ეგ არის! ასე მოვიქეცით ტკბილი ხაჭოკვერას შემთხვევაშიც. არა, არ მიგითითებთ, თუ რა მოასხათ საყვარელ დესერტს, ეს შეიძლება იყოს არაჟანი, სიროფი ან მურაბა. “გასტრონომიას” რედაქცია უბრალოდ გირჩევთ, რომ მოხარშული შესქელებული რძის შიგთავსით ხაჭოკვერა უფრო გემრიელი გამოდის.
რეცეპტი ძალიან მარტივია, უბრალოდ, შიგთავსის მომზადებას სჭირდება ცოტა მეტი დრო, რომელიც გემოს ბევრად გააუმჯობესებს. მოამზადეთ და თავად დარწმუნდით!
ინგრედიენტები
- 500 გრ ხაჭო
- 2 კვერცხი
- 6 ს.კ. მანანის ბურღული
- 6 ს.კ. შაქარი
- 200 გრ მოხარშული შესქელებული რძე
- 2 ს.კ. ფქვილი
- ზეთი გემოვნებით
მომზადება
1. შეურიეთ ხაჭო და კვერცხები. დაამატეთ მანანის ბურღული და შაქარი. ურიეთ ერთგვარი მასის მიღებამდე.
2. შექმენით პატარა ბურთულები, ყოველი მათგანი ჩააღრმავეთ და მოათავსეთ ცოტაოდენი შესქელებული რძე. შეუკარით პირი და ოდნავ დააბრტყელეთ.
3. შეწვით ზეთში ტაფაზე ორივე მხრიდან შებრაწვამდე.
შიგთავსისთვის შეგიძლიათ გამოიყენოთ მზა მოხარშული შესქელებული რძე, ან თავად მოხარშოთ 3 საათის განმავლობაში ქილა შესქელებული რძე. ასე უფრო გემრიელია. მოამზადეთ სიამოვნებით და გაუზიარეთ რეცეპტი მეგორებს!