ქლიავის ღვეზელი – მისი გამოცხობის შემდეგ საკუთარი ნახელავით ნამდვილად იამაყებთ

1206

მზარეულები უხსოვარი დროიდან აცხობენ ტარტებსა და ღვეზელებს. ეგვიპტეში გათხრების  დროს არქეოლოგებმა ღვეზელის ფორმის თაფლიანი ფირფიტების ნარჩენები აღმოაჩინეს, რომლებსაც დაახლოებით 11 500 წლის წინ გახურებულ ნახშირზე აცხობდნენ. ღვეზელებს ანტიკური ხანის საბერძნეთსა და რომშიც აცხობდნენ წყლითა და ფქვილით მოზელილი ცომით და ქონდრით შეზავებული ხორცის გულსართით. შუა საუკუნეებში ღვეზელებს უკვე ტკბილი გულსართით ამზადებდნენ.

“ბისკვიტი” და “ღვეზელი” ხშირად ერთი და იმავე მნიშვნელობით იხმარება, მაგრამ ჩვენ შევეცდებით ისინი გავმიჯნოთ: ცომის ერთი ფენისგან გამომცხვარს ტარტს ვუწოდებთ, ხოლო ორი ფენისგან – ღვეზელს. გასტრონომია დღეს უგემრიელესი ღვეზელის რეცეპტს გასწავლით. ვიმედოვნებთ თქვენც ისეთივე სიამოვნებით შეუდგებით ცხობას და საკუთარი ნახელავის დაგემოვნებას, როგორც ჩვენ ვაკეთებთ ამას!

ინგრედიენტები:

ცომი: 

  • 400 გ ფქვილი
  • 1 ჩაის კოვზი დაფქული დარიჩინი
  • მწიკვი მარილი
  • 180 გ კარაქი, კუბებად დაჭრილი
  • 2 სუფრის კოვზი შაქრის პუდრი
  • 60 მლ კვერცხის გული

გულსართი: 

  • 800 გ ქლიავი, უკურკო და დაჭრილი
  • 70 გ ყავისფერი შაქარი
  • 2 სუფრის კოვზი ფქვილი
  • 1 ჩაის კოვზი ფქვილი
  • 1 ჩაის კოვზი დაფქული დარიჩინი
  • 1/4 ჩაის კოვზი ჯავზი
  • 1 სუფრის კოვზი კარაქი
  • 1 დიდი კვერცხის გული
  • 1 სუფრის კოვზი რძე

ულუფა: 6-8

მომზადება: 30 წუთი + 1 საათი და 30 წუთი გასაცივებლად

ცხობა: 40-45 წუთი

დონე: 2

მომზადების წესი:

  1. ცომი: მოუსვით ცხიმი 23 სმ დიამეტრის მქონე ტარტის ფორმას, რათა ადვილად გადმოიღოთ ნამცხვარი.
  2. ფქვილი, დარიჩინი, მარილი, კაკაო და კარაქი სამზარეულოს კომბაინში დაამუშავეთ, სანამ მასა პურის ნამცეცების ტექსტურას  დაემსგავსება.
  3. დაუმატეთ შაქრის პუდრი, კვერცხის გული და 2 ჩაის კოვზი წყალი, ურიეთ. თუ საჭიროა, კიდევ დაუმატეთ წყალი, რომ ცომი შეიკრას.
  4. ცომი გაშალეთ სუფთა, ოდნავ ფქვილმოყრილ დაფაზე და 2 გუნდა გააკეთეთ. გაახვიეთ ცელოფანში და გააცივეთ 1 საათი.
  5. შემდეგ ცოტა ფქვილმოყრილ დაფაზე 5 მმ სისქეზე გააბრტყელეთ.
  6. ცომის ერთი ნაწილი მოათავსეთ ყალიბში და გვერდები შემოაჭერით. მეორე ცომი თეფშზე დადეთ და ორივე მაცივარში გააცივეთ 30 წუთი. გააცხელეთ ღუმელი 200 გრადუსზე.
  7. გულსართი: საშუალო ზომის ჯამში შეურიეთ ქლიავი, ყავისფერი შაქარი, ფქვილი, დარიჩინი და ჯავზი.
  8. გულსართი მომზადებულ ფორმაში გადაიტანეთ და კარაქი დაადეთ.
  9. ზემოდან ცომის მეორე ფენა გადააფარეთ, ზედმეტი ცომი გვერდებზე ჩამოჭერით.
  10. პატარა ჯამში ათქვიფეთ კვერცხის გული და რძე და ცომს თავზე გადაუსვით. ცომი ორგან გასერეთ, რათა ცხობის დროს ორთქლი გამოვიდეს.
  11. აცხვეთ 40-45 წუთი, სანამ  ოქროსფერ-ყავისფერი არ გახდება.
  12. სუფრაზე მიიტანეთ თბილი ან ოთახის ტემპერატურისა.

რჩევა: ცოცხალი ქლიავი შეგიძლიათ მისი ჯემით ჩაანაცვლოთ.

გემრიელად მიირთვით!