ლიმონის შენახვის 5 ოქროს წესი – ასე მისი ყველა სასარგებლო თვისება შენარჩუნებულია

3571

იმისათვის, რომ შემოდგომაზე აღებული ხილი და ბოსტნეული ხანგრძლივი დროის მანძილზე შეინახოს და სასარგებლო თვისებებიც შეინარჩუნოს, არსებობს უამრავი ხალხური წესი. გასტრონომიას რედაქცია გასწავლით, როგორ შეინახოთ ყველაზე სასარგებლო ციტრუსი – ლიმონი.

ლიმონი რომ კარგად შევინახოთ, უნდა მოვიქცეთ შემდეგნაირად:

1. ლიმონი კარგად გავწმინდოთ მშრალი ტილოთი და შევახვიოთ ქაღალდში. ხის ყუთში ჩავაფინოთ არყის ხის ტოტები მწვანე ფოთლებით, ზედ დავაწყოთ ერთ ფენა ქაღალდში გახვეული ლიმონი, ისევ დავაფაროთ არყის ტოტები ან ფოთლები, ისევ ლიმონი და ასე გავავსოთ ყუთი. შევინახოთ ცივ ადგილას. 2-3 თვე უვნებლად შეინახება. ყუთში ჩალაგებული ლიმონი ერთიმეორეს არ უნდა ეხებოდეს.

2. ლიმონის შენახვის მეორე წესი ასეთია: მწიფე, საღი ლიმონი ჩავაწყოთ ქილაში, ზედ დავასხათ კინკრიჟას ან მოცხარის წვენი იმდენი, რიმ ფარავდეს. ბოლოს დავასხათ მზესუმზირას ან ნიგვზის ზეთი. ქილას კარგად მოვუკრათ თავი და შევინახოთ ცივ ადგილას. ასეთ პირობებში კარგად შეინახება არა მარტო ლიმონი, არამედ თვით კინკრიჟას წვენი, იგი მიიღებს ლიმონის გემოსა და არომატს და ძნელი გასარჩევი იქნება ლიმონის წვენისაგან. მისი გამოყენება შეიძლება ლიმონათის, კრემ-ჟელეს, ნაყინისა და სხვა ტკბილეულობის მოსამზადებლად.

3. ლიმონის შენახვის ახალი და იოლი წესი შემდეგნაირია: ლიმონი ჩავაწყოთ სპილენძის მოკალულ ან ალუმინის ქვაბში. ქვაბს კარგად დავახუროთ თავი და დავდგათ ცივ ადგილას. ორი კვირის შემდეგ ამოვალაგოთ ლიმონი, თითოეული შევამშრალოთ ტილოს ნაჭრით, ასევე ამოვამშრალოთ ქვაბი, ჩავაწყოთ ლიმონი, დავახუროთ თავი და დავდგათ ცივ ადგილას.

4. ლიმონს  ან ფორთოხალს შემოვაცალოთ კანი და კანქვეშა თეთრი გარსი, დავჭრათ თხლად, ჩავაწყოთ შუშის ქილაში. ფენა-ფენად და მოვაყაროთ შაქრის ფხვნილი. ქილას მოვუკრათ თავი დავდგათ თბილ ადგილას, რომ შაქარი მთლიანად გადნეს. შემდეგ კარგად თავმოკრული ქილა დავდგათ ცივ ადგილას.

  • ლიმონის დაშაქრული ნაჭრები ვიხმაროთ ჩაისთან, მისი შაქრიანი წვენი კი – ტკბილ კერძებსა და ნამცხვრებში.
  • ლიმონისა და ფორთოხლის კანისგან მოვამზადოთ მშრალი მურაბა – ცუკატი.

5. ლიმონის ან ფორთოხლის კანს მოვაცილოთ თეთრი ნაწილი, დავჭრათ წვრილად და გავაშროთ. შევინახოთ შუშის საცობიან ქილაში. შეიძლება აგრეთვე გამხმარი კანი დავნაყოთ, შევურიოთ შიგ შაქრის ფხვნილი, ჩავყაროთ ქილაში ან ბოთლში და შევინახოთ.

  • კარგია აგრეთვე ახალ ლიმონს სახეხით შემოვახეხოთ კანი, შევურიოთ შაქარი და ჩავყაროთ შუშის ჭურჭელში, მოვუკრათ თავი და შევინახოთ.
  • ლიმონის და ფორთოხლის გამხმარი კანების ფხვნილი და ნაჭრები შეიძლება ვიხმაროთ ნამცხვრების ან სხვა კერძებისათვის არომატის მისაცემად.