უწონო ხვეულა ალუბლით. ერთ ნაჭერზე ვერ გაჩერდებით

555

Gastronomia.ge–ს რედაქცია გიზიარებთ ცომეულის ახალ რეცეპტს, დიდებული ხვეულა კეფირით. უწონო მასა წვნიან ალუბალთან ერთად სასწაულს ახდენს.

ვერ ითმენთ რეცეპტის გამოცდას? მაშინ ბაზარში ალუბალი იყიდეთ და ფაფუკი და არომატული ტკბილეულის მომზადება დაიწყეთ. მისი გემო ნებისმიერს დაიპყრობს.

ჰაეროვანი ხვეულა კეფირით: რითი გამოვაცხოთ

ზამთარში ასეთი ცომეული კარგია ალუბლით მისსავე წვენში. თუ ასეთი ნამზადი საყინულეში გაქვთ, თამამად გამოიღეთ და ცომს დაუმატეთ. ზაფხულში ახალი ალუბლის გამოყენებას გირჩევთ. სურვილის შემთხვევაში დაუმატეთ სახამებელი შიგთავსის გასასქელებლად და შაქარი მეტი სიტკბოსთვის.

ინგრედიენტები:

  • 500 მლ კეფირი
  • 30 გ საფუარი
  • 700 გ ხორბლის ფქვილი
  • 400 გ ალუბალი
  • 1 ს/კ ნაღები
  • 70 გ შაქარი
  • 2 კვერცხი
  • 35 გ კარაქი
  • 1,5 ს/კ სიმინდის სახამებელი

მომზადების წესი:

1. კეფირი ღრმა თასში ჩაასხით. შაქარი, ახალი საფუარი და რბილი კარაქი დაუმატეთ. კვერცხის გული და ცილა დააცალკევეთ. ცილები კეფირის მასას დაუმატეთ და კარგად აურიეთ.

2. მიღებულ ნარევს გაცრილი ხორბლის ფქვილი ნაწილ–ნაწილ დაუმატეთ. რბილი ერთგვაროვანი ცომი მოზილეთ. ზეთწასმულ თასში გადაიტანეთ. პარკი დააფარეთ და 1 საათი სითბოში გააჩერეთ.

3. სამუშაო ზედაპირს ფქვილი მოაყარეთ. ცომი მასზე გადაიტანეთ. 2 თანაბარ ნაწილად გაყავით. ერთი ნაწილი 1 სმ სისქის მართკუთხედად გააბრტყელეთ.

4. ალუბალი კარგად გარეცხეთ. კურკები მოაშორეთ. კენკრა საწურზე გადაიტანეთ და ზედმეტი სითხისგან დაწურვა აცადეთ. ალუბალი თასში გადაიტანეთ, სიმინდის სახამებელი დაუმატეთ და კარგად აურიეთ.

5. კენკრის ნახევარი ცომის მართკუთხედზე თანაბრად გაანაწილეთ. კიდეები ცარიელი დატოვეთ. რულეტი დაახვიეთ და კიდეები შეკარით. ნამზადი სიგრძეზე შუაზე ჩაჭერით, ბოლომდე არა. მიღებული ნაწილი გადაგრიხეთ. კიდეები შეკარით.

6. ხვეულა საცხობ ფორმაში მოათავსეთ. წინასწარ ფორმას კარაქი წაუსვით. იგივე ცომის მეორე ნაწილით და დარჩენილი ალუბლით გააკეთეთ. ნამზადებს პირსახოცები დააფარეთ და ნახევარი საათი სითბოში გააჩერეთ.

7.კვერცხის გულები და ნაღები ათქვიფეთ. კვერცხის ნარევი ხვეულებს ზემოდან წაუსვით. 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 40 წუთი აცხვეთ. მზადაა!

სიტყვაზე, ცომის ხვეულის ფორმირებისას რამდენიმე ალუბალი სამუშაო ზედაპირზე გადმოვარდება. არ იდარდოთ. მას შემდეგ, რაც ხვეულას ფორმაში ჩადებთ, ამ კენკრით ზემოდან გააფორმეთ.