უხორცო ბორში ევგენი კლოპოტენკოს რეცეპტით. მწნილი პომიდორი აუცილებლად დაუმატეთ

442

ერთი შეხედვით, ბორში პომიდვრით და ჭარხლით ჩვეულებრივი კერძია, რომლის მომზადებას განსაკუთრებული არაფერი სჭირდება. ამ კერძით პრეტენზიულ გურმანსაც თავი შეგიძლიათ მოაწონოთ. ამაში დაგეხმარებათ 2 საიდუმლო ინგრედიენტი: მწნილი პომიდორი და შავქლიავი.

Gastronomia.ge–ს რედაქცია უხორცო ბორშის ევგენი კლოპოტენკოს რეცეპტით მომზადებას გთავაზობთ. სამარხვო და გემრიელია.

ინგრედიენტები:

  • 2 ლ წყალი
  • 1 ჭარხალი
  • 1 ხახვი
  • 2 კარტოფილი
  • 1 სტაფილო
  • 150 გ კომბოსტო
  • 2 ს/კ პომიდვრის პასტა
  • 50 გ შავქლიავი
  • 4 მწნილი პომიდორი
  • 1 ს/კ შაქარი
  • 2 დაფნის ფოთოლი
  • 2 კბილი ნიორი
  • 2 ს/კ მზესუმზირის ზეთი
  • მარილი, წიწაკა გემოვნებით

მომზადების წესი:

1. გარეცხილი ჭარხალი ღუმელში გამოაცხვეთ ან მოხარშეთ. მზა ჭარხალი გათალეთ და მსხვილად გახეხეთ.

2. სტაფილო და ხახვი გარეცხეთ. სტაფილო მსხვილად გახეხეთ, ხახვი – დანით წვრილად დაჭერით. ტაფაზე ზეთში 3 წუთით შეწვით. ჭარხალი დაუმატეთ, 2 წუთით თუშეთ. შაქარი, მარილი და პომიდვრის პასტა დაუმატეთ. 2 წუთით თუშეთ, ხშირად აურიეთ.

3. ქვაბში 2 ლ წყალი ჩაასხით. კუბებად დაჭრილი კარტოფილი და დაფნის ფოთოლი დაუმატეთ. წყლის ადუღების შემდეგ ცეცხლს დაუწიეთ და 5 წუთით ხარშეთ.

4. კომბოსტო დაჭერით. შავქლიავი პატარა ნაჭრებად დაჭერით. ქვაბში კარტოფილს კომბოსტო და შავქლიავი დაუმატეთ. 15 წუთით ხარშეთ, შემდეგ შემწვარი ბოსტნეული დაუმატეთ.

5. შუაზე გაჭრილი პომიდვრები ბორშს დაუმატეთ. 7 წუთით ხარშეთ. მარილი და წიწაკა გემოვნებით მოაყარეთ. დაჭრილი ნივრის კბილები დაუმატეთ.

6. უხორცო ბორში მზადაა. გემრიელად მიირთვით!

ბორშის სამარხვო ვარიანტი უფრო გემრიელი გამოდის. აუცილებლად სცადეთ. ოჯახის წევრები დამატებას მოგთხოვენ. წვნიანს მწნილი პომიდორი აუცილებლად დაუმატეთ.