როცა ბავშვებს არდადეგები აქვთ, მინი პიცებით ვანებივრებ

251

Gastronomia.ge–ს რედაქცია გთავაზობთ მინი პიცის რეცეპტს, რომელიც ღუმელში სწრაფად ცხვება. შიგთავსად ნებისმიერი რამ შეგიძლიათ გამოიყენოთ. ეს თქვენს ან თქვენი ოჯახის წევრების გემოვნებაზეა დამოკიდებული. ბავშვები ასეთ პიცაზე გიჟდებიან.

ცომის ინგრედიენტები:

  • 450 გ ფქვილი
  • 1 კვერცხი
  • 1 ჩ/კ მარილი
  • 2 ს/კ მცენარეული ზეთი
  • 1 ს/კ შაქარი
  • 11 გ მშრალი საფუარი (30 გ დაპრესილი)
  • 300 მლ წყალი

შიგთავსის ინგრედიენტები:

  • 100 გ კეტჩუპი
  • 200 გ ძეხვი
  • 3-4 პომიდორი
  • 200 გ ყველი

მომზადების წესი:

1. ფქვილის ნახევარს მშრალი საფუარი, მარილი და შაქარი დაუმატეთ. კარგად აურიეთ. თუ დაპრესილ საფუარს იყენებთ, ჯერ წყალში გააზავეთ, შემდეგ მშრალი ინგრედიენტები დაუმატეთ.

2. ოდნავ თბილი წყალი დაუმატეთ და ცომი მოზილეთ. პირსახოცი დააფარეთ და ნახევარი საათით სითბოში გააჩერეთ. ამოსულ ცომს კვერცხი, მცენარეული ზეთი და დარჩენილი ფქვილი დაუმატეთ. ცომს ჯერ კოვზით, შემდეგ ხელით აურიეთ. 10 წუთით მოზილეთ. ცომი დააგუნდავეთ და კიდევ ნახევარი საათით სითბოში გააჩერეთ.

3. ფქვილმოყრილ მაგიდაზე ცომი 8 ნაწილად გაყავით, თითოეული დააგუნდავეთ. თითოეული ბურთი 0,5 სმ სისქის ფირფიტად გააბრტყელეთ. მზა ცომი საცხობ ფორმაზე გადაიტანეთ.

4. თითოეულ ცომის კვერს კეტჩუპი წაუსვით, შემდეგ შიგთავსი დაუმატეთ: ძეხვი, პომიდორი და გახეხილი ყველი. 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 20 წუთით შეწითლებამდე აცხვეთ.

5. მინი პიცა მზადაა. გემრიელად მიირთვით!

ასეთი მინი პიცა ღუმელში ძალიან სწრაფად და ზედმეტი ფუსფუსის გარეშე მზადდება. პიცა პორციულია, ამიტომ ბუნებაში ან მოგზაურობისას თან წაღება მოსახერხებელია. შეუდარებელი რეცეპტია. ოჯახის წევრები ასეთ პიცას მაგიდიდან წამებში აქრობენ და დამატებას მთხოვენ!