გუშინდელ პიურეს არ ვყრი, დილით ნაზ კარტოფილის ბლინს ვაცხობ, რომელზეც ყველა გიჟდება

2169

პიურე ნაღებით და კარაქით შეუდარებელი კერძია, როცა ახალი მომზადებულია. ცივი კარტოფილი უგემური ხდება და მისი ჭამა რთულია, მაგრამ ხომ არ გადავყრით! Gastronomia.ge-ს რედაქცია გიამბობთ, რა მოამზადოთ გუშინდელი პიურედან, რომ მისი ჭამით სიამოვნება მიიღოთ. 3 საინტერესო და მარტივ რეცეპტს გიზიარებთ.

თხელი ბლინი

თუ ტკბილი ბლინი მოგბეზრდათ, ხოლო ოლადის მომზადება გეზარებათ, მაშინ თხელი კარტოფილის ბლინი რაიმე მარილიანი შიგთავსით ნოყიერი საუზმე გახდება. განსაკუთრებით მაშინ, თუ პიურე უკვე გაქვთ. ისღა დაგრჩენიათ, ინგრედიენტები აურიოთ და ბლინები ტაფაზე შეწვათ. ბლინები ოლადებზე სწრაფად მზადდება და შეგიძლიათ უზეთოდ შეწვათ, რაც კერძს ნოყიერს და სასარგებლოს ხდის.

ინგრედიენტები:

  • 300 გ პიურე
  • 250 გ ფქვილი
  • 250 მლ რძე
  • 3 კვერცხი
  • 5 ს/კ მზესუმზირას ზეთი
  • 3 კბილი ნიორი
  • მარილი გემოვნებით
  • 20 გ მწვანილი

მომზადების წესი:

  1. პიურე და რძე აურიეთ. კვერცხი, ფქვილი და მარილი დაუმატეთ. ერთგვაროვანი ცომი მოზილეთ. ბლენდერი შეგიძლიათ გამოიყენოთ. 5 ს/კ მზესუმზირას ზეთი დაუმატეთ.
  2. ნიორი გაასუფთავეთ და დაპრესეთ. ნიორი ცომს დაუმატეთ და ტაფა გააცხელეთ.
  3. ტაფას მცენარეული ზეთი წაუსვით და ცომი მოათავსეთ. ბლინები ორივე მხრიდან შეწითლებამდე შეწვით. სუფრაზე მწვანილთან და არაჟანთან ერთად გაიტანეთ. გემრიელად მიირთვით.

ბლინები სჯობს 10-20 წუთით გააჩეროთ, სანამ შეწვავთ. ასე ინგრედიენტები გაერთიანდება და ბლინები არ გაიხევა. სხვადასხვა შიგთავსი მოიფიქრეთ: ცხელი კარტოფილის ბლინი გახეხილ ყველთან ან ლორთან ერთად გემრიელია. მწვანე ხახვი და მწვანილები ან შემწვარი სოკო ხახვთან ერთად შეგიძლიათ დაუმატოთ.

ზრაზი

კარტოფილის ზრაზს უკრაინაში, პოლონეთსა და ბელარუსიაში ამზადებენ. ესაა კარტოფილის კატლეტი, რომელიც ფარშირებულია ნებისმიერი შიგთავსით: ხორცი, სოკო, თევზი ან სხვა. ამბობენ, რომ იდეალური ზრაზი ახალ მომზადებული პიურესგან მზადდება, მაგრამ გუშინდელითაც კარგი გამოდის.

ინგრედიენტები:

  • 500 გ პიურე
  • 2 კვერცხი
  • 5 ს/კ ფქვილი
  • 1 ხახვი
  • 500 გ ხორცის ფარში
  • 5 ს/კ მცენარეული ზეთი
  • 200 გრ საფანელი
  • 1 ჩ/კ მარილი
  • დაფქული შავი წიწაკა გემოვნებით

მომზადების წესი:

  1. პიურეს ფქვილი, კვერცხი და მარილი დაუმატეთ. თუ პიურე მარილიანია, მარილის დამატება საჭირო არაა. ერთგვაროვანი მასის მიღებამდე აურიეთ.
  2. ხახვი კუბებად წვრილად დაჭერით და ტაფაზე გამჭვირვალობამდე შეწვით. ტაფაზე ნებისმიერი ფარში გემოვნებით დაუმატეთ. ფარში და ხახვი 15 წუთით შეწვით.
  3. მომზადებამდე 5 წუთით ადრე მარილი და წიწაკა დაუმატეთ. გაგრილება აცადეთ.
  4. ცომი ხელზე რომ არ აგეკრათ, ცივი წყლით სავსე თასი მაგიდაზე დადეთ და ხელები დაისველეთ. ცომი თანაბარ ნაწილებად დაყავით და თითოეული ხელით გააბრტყელეთ, შემდეგ ფარში დაუმატეთ და ზრაზი გააკეთეთ.
  5. ზრაზი საფანელში ამოავლეთ და ტაფაზე უზეთოდ ოქროსფერ შეფერილობამდე შეწვით – ზუსტად 2 წუთით თითოეული მხრიდან.

ზრაზი სხვადასხვა შიგთავსით შეგიძლიათ მოამზადოთ, მაგრამ ხორცით ძალიან ნაზი და ნოყიერი გამოდის. საფანელში ამოვლება აუცილებელი არაა, მის გარეშეც შეგიძლიათ შეწვათ. სუფრაზე არაჟანთან ან პომიდვრის სოუსთან ერთად გაიტანეთ.

ჩასასხმელი ღვეზელი

მარილიანი ჩასასხმელი ღვეზელი ყველაზე მარტივად მზადდება, თან კარტოფილი არ დაიკარგება. ნოყიერი სადილისთვის რეცეპტი გამოგადგებათ.

ინგრედიენტები:

  • 300 გ პიურე
  • 500 მლ კეფირი
  • 250 გ ქამა სოკო
  • 200 გ ხახვი
  • 100 მლ მცენარეული ზეთი
  • 1 ს/კ შაქარი
  • 1 ჩ/კ მარილი
  • 450 გ ფქვილი
  • 2 ჩ/კ გამაფხვიერებელი

მომზადების წესი:

  1. ხახვი პატარა კუბებად დაჭერით და ცხელ ტაფაზე შეწვით.
  2. ქამა სოკო ფირფიტებად დაჭერით და ხახვთან ერთად სითხის აორთქლებამდე შეწვით. მარილი და წიწაკა დაუმატეთ და კარტოფილის პიურესთან ერთად აურიეთ.
  3. ღრმა თასში 3 კვერცხი, მარილი და შაქარი აურიეთ. კვერცხი, კეფირი და მცენარეული ზეთი დაუმატეთ.
  4. ფქვილი გაცერით და თხევად ინგრედიენტებს გამაფხვიერებელთან ერთად დაუმატეთ. სოდა შეგიძლიათ გამოიყენოთ.
  5. კოვზით ერთგვაროვანი ცომის მიღებამდე აურიეთ. საცხობ ფორმას მცენარეული ზეთი წაუსვით და ცომის ნახევარი ჩაასხით.
  6. ზემოდან შიგთავსი მოათავსეთ და ცომის მეორე ნახევარი დაუმატეთ. ცომი შიგთავსზე თანაბრად გაანაწილეთ. 180 გრადუსზე 40 წუთით აცხვეთ. ხის ჩხირით მზაობა შეამოწმეთ. მთავარია, რომ ცომის შუაგული გამოცხვეს.

კერძების მომზადებაზე ნაკლები დრო რომ დახარჯოთ, ასეთი ოლადები შეგიძლიათ გამოაცხოთ. საერთოდ, ჩასასხმელი ღვეზელი კარგია იმით, რომ ნებისმიერი გუშინდელი პროდუქტი შეგიძლიათ გამოიყენოთ – ერთად ახალი გემრიელი კერძი გამოდის.