ლეგენდარული ფხვიერი ნამცხვარი „ბატის თათები“, რომლის რეცეპტი მემკვიდრეობით გადადის

1852

„ბატის თათები“ – ნაზი, ფხვიერი ხაჭოს ნამცხვარი, რომელიც ბევრს ბავშვობიდან ახსოვს. ლეგენდარული დესერტი შეგიძლიათ უწოდოთ. ოდესღაც ძალიან პოპულარული ნამცხვარი იყო და სახლში ხშირად აცხობდნენ. Gastronomia.ge-ს რედაქცია გთავაზობთ ნაზი ტკბილეულის რეცეპტს, რომელიც ახლობლებს აღაფრთოვანებს. ბიუჯეტური ინგრედიენტები და მინიმუმი დრო ჰაეროვანი ტკბილეულის მომზადებაში დაგეხმარებათ.

ფხვიერი ნამცხვარი „ბატის თათები“: პატარა ხრიკი

ამ დესერტის ხიბლი წარმოუდგენლად ნაზი ცომია. ასეთი რომ გამოვიდეს, ხაჭოს სწორად მომზადება არ დაგავიწყდეთ, რადგან მარცვლოვანი არ უნდა იყოს. რძემჟავა ყველი წინასწარ საწურში გახეხეთ. ასე ტკბილი ნამცხვრისთვის იდეალურ კონსისტენციას მიიღებთ.

ინგრედიენტები:

  • 400 გ ხაჭო
  • 350 გ ხორბლის ფქვილი
  • 100 გ შაქარი
  • 200 გ კარაქი
  • 1 ჩ/კ გამაფხვიერებელი
  • 5 გ ვანილის შაქარი

მომზადების წესი:

1. ხაჭო და რბილი კარაქი ღრმა თასში მოათავსეთ. კარგად დააქუცმაცეთ და ერთგვაროვანი მასის მიღებამდე აურიეთ.

2. თანდათან გაცრილი ფქვილი და გამაფხვიერებელი დაუმატეთ. რბილი ცომი მოზილეთ. ხელზე არ უნდა გეწებებოდეთ.

3. მზა ცომი პარკში მოათავსეთ და მაცივარში 40 წუთით შეინახეთ.

4. მაგიდას ფქვილი მოაყარეთ. ცომი ორ ნაწილად გაყავით. ცომის ერთი ნაწილი გააბრტყელეთ. ჭიქით რგოლები გამოჭერით.

5. ბრტყელ თეფშზე შაქარი და ვანილი აურიეთ.

6. ცომის რგოლი შაქარში ამოავლეთ და შუაზე გაკეცეთ (შაქრიანი მხრით შიგნით).

7. ახლა ცომის ერთი მხარე შაქარში ამოავლეთ და კვლავ გაკეცეთ.

8. საცხობ ფორმას პერგამენტის ქაღალდი დააფინეთ და კარაქი წაუსვით. ნამცხვრები უშაქრო მხრით ფორმაზე დააწყვეთ.

9. 170 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 30-40 წუთით აცხვეთ.

„ბატის თათები“ მზადაა. ფინჯან ჩაისთან, ყავასთან ან რძესთან ერთად ნაზი ნამცხვარი სუფრიდან წამებში გაქრება. სჯობს წინასწარ მოიმარაგოთ. ახლობლები დამატებას აუცილებლად მოგთხოვენ!