Gastronomia.ge-ს რედაქცია გთავაზობთ ხორციან ღვეზელს „ქრიზანთემა“. მხოლოდ მისი შემხედვარე ნერწყვი მოგადგებათ!
ინგრედიენტები:
- 500 გრ ხორცის ფარში (ღორის, ძროხის ხორცი)
- 1 ხახვი
- 1 კბილი ნიორი
- 100 მლ წყალი
- 1 ჩ/კ (კუბი) ქათმის ბულიონი (აუცილებელი არაა)
- 140 გრ ყველი
- 30 გრ კარაქი
- მარილი, წითელი და შავი წიწაკა გემოვნებით
ცომის ინგრედიენტები:
- 125 მლ რძე
- 125 მლ კეფირი
- 1 პაკეტი (7 გრ) მშრალი საფუარი
- 1 ს/კ შაქარი
- 1 ჩ/კ მარილი
- 1 კვერცხი
- 500 გრ ფქვილი
- 5-6 ს/კ მცენარეული ზეთი
მომზადების წესი:
- ცოტა რძეს საფუარი, შაქარი დაუმატეთ და 15-20 წუთით გვერდზე გადადეთ. საფუარის გააქტიურებას დაელოდეთ.
- რძე, კეფირი, შაქარი, მარილი, კვერცხი და მცენარეული ზეთი აურიეთ. შემდეგ საფუარი და გაცრილი ფქვილი დაუმატეთ. რბილი ცომი მოზილეთ.
- ცომი თასში გადაიტანეთ და პარკი დააფარეთ. თბილ ადგილას ზუსტად 1 საათით გააჩერეთ.
- ცომი ჩაზილეთ და ორ თანაბარ ნაწილად გაყავით. ცომის ერთი ნაწილი კვლავ თასში ჩადეთ და სამზარეულოს პირსახოცი დააფარეთ. მეორე ნაწილი 3-4 მმ სისქის ფენად გააბრტყელეთ.
- 7-8 სმ დიამეტრის ჭიქით ცომიდან რგოლები გამოჭერით. ცომის ნარჩენები შეაგროვეთ და კვლავ ცოტა აურიეთ. შემდეგ გააბრტყელეთ და კვლავ რგოლები გამოჭერით. მიღებულ წრეებს პირსახოცი დააფარეთ, რომ არ გახმეს.
- ფარშს მარილი, წიწაკა დაუმატეთ, გატარებული ხახვი და ნიორი დაუმატეთ. არომატისთვის შეგიძლიათ ქათმის კუბი დაუმატოთ. ფრთხილად იყავით, რომ ზედმეტად არ დაამარილოთ. მიღებული წრის ცენტრში 1 ჩ/კ ფარში და მწიკვი ყველი ჩადეთ. შუაზე გაკეცეთ. შემდეგ კიდევ ერთხელ გაკეცეთ და ქვემოთ წვერები შეკარით.
- ყველა რგოლი ასე მოამზადეთ და საცხობ ფორმაში ერთმანეთის გვერდით წრიულად ჩააწყვეთ. 28 სმ დიამეტრის ფორმა გჭირდებათ, წინასწარ ცხიმი წაუსვით და ქაღალდი დააფინეთ.
- ცომის მეორე ნაწილითაც ასე გააკეთეთ.
- შუა ნაწილის გასაფორმებლად 3 რგოლის ნახევარი აიღეთ და ერთმანეთს გადაადეთ. ფარში და ცოტა ყველი დაუმატეთ და რულეტივით დაახვიეთ. ღვეზელის ცენტრში ჩადეთ. ზემოდან პირსახოცი დააფარეთ და ნახევარი საათით გააჩერეთ.
- 1 კვერცხის გული და 1 ს/კ რძე ათქვიფეთ, რომ ღვეზელს ზემოდან წაუსვათ.
- 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში ზუსტად 35-40 წუთით აცხვეთ.
- მზა ღვეზელს გამდნარი კარაქი (30 გრ) წაუსვით და 15 წუთით პირსახოცი დააფარეთ.
- ღვეზელი მზადაა. გემრიელად მიირთვით!