შინაურული პროფიტეროლეს მომზადების რეცეპტი

697

მოხარშული ცომის ნამცხვარი, ალბათ, მხოლოდ მას არ უყვარს, ვისაც არასდროს გაუსინჯავს. ყველაზე მეტად პოპულარულია ფრანგული პროფიტეროლე (ან პატარა ეკლერი), რომელიც უგემრიელესი და უნაზესია. Gastronomia.ge–ს რედაქცია გიზიარებთ რეცეპტს, რომლის დახმარებით გემრიელი დესერტის მომზადებას ნებისმიერი დიასახლისი სახლის პირობებში შეძლებს.

ცომის ინგრედიენტები:

  • 1 ჭიქა წყალი
  • 100 გრ კარაქი
  • 1 ჭიქა გაცრილი ფქვილი
  • 5 კვერცხი

მოხარშული კრემის ინგრედიენტები:

  • 100 გრ კარაქი
  • ¼ ჩ/კ კაკაოს ფხვნილი (შეგიძლიათ არ გამოიყენოთ)
  • 380 გრ შესქელებული რძე

მომზადების წესი:

  1. პროფიტეროლეს მოხარშული ცომი სჭირდება, ამიტომ გაზქურაზე უნდა მოამზადოთ. 100 გრ კარაქი ქვაბში მოათავსეთ და ცეცხლზე დადგით.
  2. როცა ცოტა გადნება, წყალი დაასხით და მუდმივად აურიეთ, ნაწილ–ნაწილ ფქვილი დაუმატეთ. შემდეგ კარგად აურიეთ და ცეცხლიდან გადმოდგით.
  3. მას შემდეგ, რაც მოხარშული მასა ცოტა გაგრილდება, თითო–თითო კვერცხი დაუმატეთ. ყოველი კვერცხის დამატების შემდეგ ცომს მიქსერით ან ხელით აურიეთ.
  4. სანამ ცომით ხართ დაკავებული, ღუმელი ჩართეთ. საუკეთესო ტემპერატურა პროფიტეროლეს გამოსაცხობად – 175 გრადუსი.
  5. საცხობი ფორმის ძირს მზესუმზირას ზეთი წაუსვით და ჩაის კოვზობით პროფიტეროლეს ცომი გადაიტანეთ. თუ ჩქარობთ, საკონდიტრო ტომარა გამოიყენეთ. ასე საქმე უფრო დაჩქარდება. გარდა ამისა, სწორედ ამ ტომრით ცომს სასურველ ფორმას მისცემთ.
  6. საცხობი ფორმა ცომით ცხელ ღუმელში მოათავსეთ და პატარა ნამცხვრები აცხვეთ. გახსოვდეთ, რომ ცხობის დროს ღუმელის კარის გაღება არ შეიძლება. როგორც კი, ოქროსფერ ქერქს გაიკეთებს, ღუმელიდან გამოიღეთ და მაგიდაზე გასაგრილებლად გაიტანეთ.
  7. ამ დროში კრემის მომზადებას შეუდექით. ქვაბში ნახევარი შეკვრა კარაქი და 1 ქილა შესქელებული რძე აურიეთ. კარაქის გადნობამდე ხარშეთ.
  8. მოხარშული კრემი უნდა გაცივდეს. მოგვიანებით, საკონდიტრო შპრიცით კრემი ამოიღეთ და ნამცხვრები ამოავსეთ.
  9. გემრიელ ჩაის სმას გისურვებთ!